მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები გუდაურში ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ, რასაც კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები განაპირობებს. ამის შესახებ BM.GE-სთან გუდაურში მდებარე რესტორნის „მთვრალი ალუბალი“ დამფუძნებელი მირანდა ესაკია საუბრობს.
მისი თქმით, მიუხედავად ინფლაციისა, აპარტამენტებსა და სასტუმროებში ფასები არ გაზრდილა. იგი აღნიშნავს, რომ საკვებ პროდუქტებზე მკვეთრი გაძვირების ფონზე ფასების კორექტირება მხოლოდ კვების ობიექტებში მოხდა.
"ინფლაციის ფონზე საკვებზე ფასების ზრდა ყველამ ვნახეთ, თუმცა წელს გუდაურში სასტუმროებსა და აპარტამენტებს ფასები არ გაუზრდიათ - ფასები მხოლოდ კვების ობიექტებში გაიზარდა, დაახლოებით 15%-ით, პროპორციულად ინფლაციისა.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას და სეზონის შეჯამებას, სტუმრები გვყავდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად მხარჯველუნარიანები. მიზეზი ისაა, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტები ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო გუდაურში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ. მხოლოდ დეკემბრისა და საახალწლო პერიოდის გახსენებაც საკმარისია - კურორტიდან ნაგავი ვერ გაჰქონდათ, იყო საცობები და პარკინგის პრობლემა ვერ მოგვარდა. სწორედ ამის გამო ბევრი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი დავკარგეთ”, - განაცხადა მან.
ესაკია აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემები უარყოფითად აისახა სტუმრების გამოცდილებაზე და ზრდის რისკს, რომ ისინი კურორტს აღარ დაუბრუნდებიან : “ვინც იყო წელს ჩამოსული, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბრიტანელ, იტალიელ და სხვა ტურისტებთან - სამწუხაროდ, ისინიც ძალიან ცუდი გამოცდილებით დაბრუნდნენ და სავარაუდოდ, წელს ჩამოსული ტურისტიდან 90% უკან არ დაბრუნდება. გზას ვერ წმენდდნენ და ოჯახთან ერთად ადამიანი ვერ გადაადგილდებოდა იმიტომ, რომ შეიძლებოდა ყინულზე თავი დაერტყა. გზას ვერ წმენდდნენ, იმიტომ რომ საცობი იყო. საცობი იყო იმიტომ, რომ პარკინგი ვერ უზრუნველყვეს. მოკლედ, ყველაფერი ჯაჭვურად იმდენად გადაება ეს ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომ ძალიან ცუდი გარემო შეიქმნა ჩამოსული სტუმრისთვის”, - ამბობს ესაკია.
მისივე შეფასებით, ზამთრის სეზონზე აზიიდან ჩამოსული ტურისტები ნაკლებად ხარჯავენ, რადგან მოკლევადიანი ვიზიტებით შემოიფარგლებიან და სათხილამურო სერვისებით არ ინტერესდებიან.
“ზამთრის პერიოდში აზიიდან ჩამოსული ტურისტი არ ინტერესდება შემდეგი მომსახურებებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტისთვის: ეს არის სპორტული აქტივობა, ხომ? ისინი მოდიან, ფოტოს გადაიღებენ და ავტობუსით უკან ბრუნდებიან, ანუ ერთდღიანი ტურისტები არიან. მათ არ აინტერესებთ არც სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა, არც საბაგირო ბილეთის ყიდვა, არც ინსტრუქტორი. შესაბამისად, ისინი არიან short-term ტურისტები”, - თქვა ობიექტის დამფუძნებელმა.
ამასთან, ესაკია განმარტავს, რომ ზამთრის ტურიზმის ძირითადი სეგმენტი გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლებია და ევროპელი ექსპატები არიან, თუმცა მიმდინარე წელს ეს ნაკადიც შემცირდა : "უფრო მეტად ინდოეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ტურისტებს ზაფხულის პერიოდში ვმასპინძლობთ, როდესაც იქ ძალიან ცხელა. რაც შეეხება ზამთრის ტურიზმს, მისი ძირითადი სეგმენტი გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლებია - არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ იქ მცხოვრები ევროპელი ექსპატებიც, მაგალითად ფრანგები, ინგლისელები, ბრიტანელები და სხვები”.
მისივე თქმით, ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან და ისრაელიდან მოდის, თუმცა მარტში შექმნილმა საომარ მდგომარეობამ ეს ნაკადიც შეამცირა.
"ევროპელი ტურისტებიც გვყავს... მათ შორის მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტი დაახლოებით 30%-ს შეადგენს. უფრო დიდი ნაწილი დანარჩენი 70% შეადგენს მეზობელი ქვეყნებიდან - რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და უფრო მეტად სადღაც 55% არის ისრაელი, ანუ ებრაელი დამსვენებელი, რომლებიც შესაბამისად ძალიან დიდი წილია", - ამბობს მირანდა ესაკია.