საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში განაცხადა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა.

მისი თქმით, ევროკავშირმა არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„ეს დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო. მას შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზას დაუბრუნდება.

„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის – „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

1tv.ge