ხორბლის ფიუჩერსულმა ფასმა ბუშელზე დაახლოებით 6 დოლარს მიაღწია, რაც 31 მარტს დაფიქსირებული ცხრათვიანი პიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბაზარზე შეშფოთება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. მათ შორის ირანის კონფლიქტის გამო სასუქების მიწოდების შეფერხებამ და გვალვების პროგნოზმა.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს - როგორც "ბარაქას" დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ვითარება რეგიონზეც აისახება, თუმცა არა დიდი მასშტაბით. ბოლო მონაცემებით, ერთი ტონა ხორბლის ფასი 10-15 დოლარით არის გაზრდილი და 260 დოლარი ღირს. ამ ფონზე, მოლოდინია, რომ აპრილის ბოლოდან ქვეყანაში შესაძლოა, ფქვილის ფასები დაკორექტირდეს. ამ ეტაპზე კი ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 52-53 ლარია.
"არ ვფიქრობთ, რომ ხორბლის ფასი ისეთ ნიშნულამდე გაიზარდოს, რომ ქართულ ბაზარზე ფქვილის მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ვითარება გართულებულია, ენერგომატარებლები, საწვავი გაძვირებულია, ვფიქრობთ აპრილის ბოლოსთვის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 1 ან 2 ლარით გაძვირდება" - აღნიშნა ლადო ბიძინაშვილმა.