ტურისტული მიმართულებით უნდა გააქტიურდეს მუშაობა ჩინეთზე და ევროკავშირის ქვეყნებზე - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელმა გიორგი დარციმელიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, ევროპა უალტერნატივოა საქართველოსთვის, თუმცა თუ მაღალ სეგმენტზე ვსაუბრობთ ასევე უმნიშვნელოვანესია ჩინელი ტურისტიც.

 

„ევროპა და ევროპელები უალტერნატივოა საქართველოსთვის, მათ შორის ტურისტული სექტორისთვის. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში, ამ საკითხს ქართულმა ტურისტულმა სექტორმა აუღო ალღო, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სექტორი ძალიან ცდილობს ევროპული გემოები და ნიუანსები გაითვალისწინონ, შესაბამისად სწორი მიმართულებებით მივდივართ, თუმცა გასათვალისწინებელია მასშტაბი, ინფრასტრუქტურული ჩავარდნები და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მეტი მოქნილობა, რომ ბიზნესს მოერგოს და ხისტი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოს.

 

მაღალშემოსავლიანი ევროპელი ტურისტების მოზიდვა რეალურია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი პირდაპირი ფრენა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ბიზნესის და ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკა. ერთხელ ყველა ჩამოვა, მაგრამ მთავარია შემდეგ ის ერთი ისეთი კმაყოფილი წავიდეს, რომ სხვა ბევრი ჩამოიყვანოს, ამ პრინციპით უნდა ვიმუშაოთ.

 

რაც შეეხება აზიას, თუ მაღალ სეგმენტზე ვსაუბრობთ, ჩინელი ტურისტი უალტერნატივოა, ის ასევე ინტელექტუალური ტიპის ტურისტია. მათ ბევრი რამ აქვთ ნანახი და მათი გაკვირვება არ არის ადვილი. ინდოეთიც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი სეგმენტი რომელიც მას ტურიზმთან იქნება დაკავშირებული, გვჭირდება ნიშური და მაღალშემოსავლიანი ტურისტები.

 

ძალიან საინტერესო და კარგი გადამხდელი ტურისტები ჩამოდიან ისრაელიდან და ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული ტურიზმისთვის“, - ამბობს გიორგი დარციმელია.