ცის ხუთწლიანი კვლევა, რომელმაც 47 მილიონზე მეტი გალაქტიკა და კვაზარი დააფიქსირა, დასრულდა. მკვლევრებს საბოლოო შტრიხები შეაქვთ ამ დროისათვის სამყაროს ყველაზე დეტალურ რუკაზე. მონაცემები შეიძლება დაგვეხმაროს ბნელი ენერგიის აშკარა შესუსტების საიდუმლოს ამოხსნაში, რაც კოსმოსის ჩვენს სტანდარტულ მოდელის თავდაყირა დაყენებით ემუქრება.
არიზონის კიტ-პიკის ეროვნულ ობსერვატორიაში განთავსებული ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტი (DESI) ცას 2021 წლიდან ასკანერებდა. თავდაპირველად მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ მისი დაკვირვებები შეაგროვებდა მონაცემებს 34 მილიონი გალაქტიკისა და კვაზარის შესახებ, მაგრამ თავისი ეფექტიანობით DESI-მ მკვლევრები გააოცა. ვინაიდან საქმე ძალიან დიდ მანძილებს ეხებოდა, ზოგიერთ უკიდურესად მკრთალ გალაქტიკას მხოლოდ 100 ან 200 ფოტონის საფუძველზე დააკვირდნენ.
კალიფორნიის ლოურენს-ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარი დევიდ შლეგელი ამბობს, რომ კოსმოსის ჩვენი წინა რუკა ჯამში ხუთ მილიონ გალაქტიკას მოიცავდა; ამიტომ, DESI სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას თითქმის ათჯერ ზრდის.
„სინამდვილეში, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ამ მრუდზე ვიყავით, სადაც ყოველ 10 წელიწადში 10-ჯერ უფრო დიდ რუკებს ვქმნით. შეგიძლიათ იკითხოთ, როდის დაიტანთ რუკაზე 10 მილიარდი სინათლის წლის რადიუსში არსებულ ყველა დაკვირვებად გალაქტიკას… და თუ მრუდზე დავრჩებით, ამას 2061 წლისთვის შევძლებთ“, — ამბობს შლეგელი.
ძირითადი კატალოგიზაცია უკვე დასრულებულია, მაგრამ მონაცემთა ანალიზი კიდევ ერთ წელს წაიღებს, ვიდრე ის მკვლევართათვის ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი მონაცემთა შეგროვებას სულ მცირე კიდევ 2,5 წელიწადს გააგრძელებს. შლეგელის განცხადებით, DESI-ს განახლების შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტი 2030-იან წლებშიც მშვენივრად იმუშავებს.
DESI-ს რუკა ამჟამად ფარავს ცის 14 000 კვადრატულ გრადუსს, მაგრამ ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი 17 000 კვადრატულ გრადუსამდე გაიზრდება. სრულ ცას 41 000 კვადრატული გრადუსი აქვს, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი რთულად დასაკვირვებელია შედარებით ახლომდებარე და კაშკაშა ობიექტების გამო, როგორიცაა ჩვენი საკუთარი გალაქტიკა, ირმის ნახტომი.
მონაცემები მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ შეადარონ, როგორ იყო გალაქტიკები გადანაწილებული შორეულ წარსულში და როგორ არის დღეს. ამის საფუძველზე შეიძლება ბევრი რამ გავიგოთ ბნელი ენერგიის შესახებ, რომელიც სამყაროს დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს. DESI-ს წინა, 2024 წლის მონაცემები მიუთითებდა, რომ ბნელი ენერგია უცვლელი არაა და დროთა განმავლობაში სუსტდება.
თუ ბნელი ენერგია მართლაც სუსტდება, ამას არსებითი გავლენა ექნება კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელზე, რომელსაც ლამბდა-CDM ეწოდება. DESI-ს მონაცემების სრული ნაკრები ამ ფენომენის უკეთესად შესწავლას შეუწყობს ხელს.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი ოფერ ლაჰავი ამბობს, რომ DESI-ს უახლეს რუკაზე წვდომის ქონა მისი კარიერის დასაწყისში სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა.
„40 წლის წინ, როცა კემბრიჯის უნივერსიტეტში PhD სტუდენტი ვიყავი, რუკაზე მხოლოდ რამდენიმე ათასი გალაქტიკა გვქონდა. საზოგადოებას მონაცემები შიოდა. ვფიქრობ, დღეს ჩემს სტუდენტებს საპირისპირო პრობლემა აქვთ — როცა მონაცემებით წალეკილი ხარ და ძალიან რთულია მათი ანალიზი“, — ამბობს ლაჰავი.
მისი განცხადებით, ამდენი მონაცემით, აუცილებლად მოხდება სამეცნიერო მიღწევები სამყაროს ბუნების შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ, მონაცემებში ასევე აღმოჩნდება უჩვეულო ერთჯერადი კოსმოლოგიური ინციდენტები, რომლებიც საინტერესო კვლევებამდე მიგვიყვანს.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.