მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, საქმიანი (MICE) ტურიზმის სფერო ამჟამად „დაპაუზებულია“ - ამის შესახებ BMG-სთან Grata DMC-ის დამფუძნებელი ირმა კოდუა საუბრობს.

თუმცა, როგორც კოდუა აღნიშნავს, ინდუსტრიის შიდა პრობლემები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ საგარეო ფაქტორები.

მისი განმარტებით, სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა პერსონალის ნაკლებობაა, რაც პანდემიის დროს დაწყებული მასობრივი გადინების შედეგია.

„ესეც, გარკვეულწილად, მსოფლიო ტენდენციაა კოვიდ პანდემიის შემდეგ. ძალიან დიდი გადინება მოხდა ინდუსტრიიდან და ჩვენ ახლა ვდგავართ ამ გარემოებების წინაშე. ჯერ კიდევ ვერ ხერხდება იმ კადრების ჩანაცვლება, რომლებიც წავიდნენ, ახალი ნაკადი ამ ეტაპზე, საკმარისი არ არის“ - აღნიშნავს ირმა კოდუა BMG-სთან.

მისივე თქმით, ახალგაზრდებში პროფესიის მიმართ ინტერესი საგრძნობლად დაკლებულია, რაც მომავალში სერვისის ხარისხზე შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს.

„ეს გასაგებიცაა, რადგან თვითონ სტუმარ-მასპინძლობა საკმაოდ მოწყვლადი ინდუსტრიაა. შესაბამისად, ახალი თაობა ცოტა სკეპტიკურად უყურებს ამ სფეროს. კარგი იქნებოდა, ქვეყნის შიგნით მეტი პოპულარიზაცია, რომ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ ინდუსტრიაში შემოსვლით“.

Grata DMC-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტს. დეფიციტი თანაბრად ვრცელდება როგორც მომსახურე პერსონალზე, ისე ვიწრო სპეციალისტებზე, რომლებიც საქმიანი ტურიზმის „ხერხემალს“ წარმოადგენენ.

„სასტუმროს მიმართულებით გვაკლია პერსონალი, ასევე გიდები, ტუროპერატორები, უშუალოდ ტურიზმში მომუშავე ხალხი. რესტორნებში - მიმტანები, მენეჯერები... მთლიანობაში, პერსონალის ნაკლებობა ყველა რგოლშია,“ - ამბობს კოდუა.

რაც შეეხება დარგში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, მიმდინარე პერიოდი „ჩავარდნად“ ფასდება, თუმცა, Grata DMC-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესი არ უნდა შეჩერდეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯავშნების უმეტესობა სექტემბერ-ოქტომბრისთვის გადაიწია, თუმცა, გრძელვადიანი გათვლების გაკეთება რთულია.

„ამ ეტაპზე ყველა - ჩვენც და კლიენტებიც - მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიო არენაზე. ნახევარი წლის ჭრილში პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა იმედია, სიტუაცია დასტაბილურდება და შევძლებთ საქმიანობის სრულფასოვნად გაგრძელებას,“ - აღნიშნავს ირმა კოდუა.

bm.ge