"ტურისტული აქტივობა ყოველწლიურად მცირდება", - ამის შესახებ სიონში მდებარე ტურისტული ობიექტის "კინთას" დამფუძნებელმა ნიკო წივილაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა და საგაზაფხულო სეზონი შარშანდელზე მნიშვნელოვნად სუსტია, რის გამოც ზაფხულის მიმართაც მოლოდინები პესიმისტურია. წივილაშვილის თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა მუდმივად კლებულობს, განსაკუთრებით ევროპული ბაზრებიდან.
„ვითარება საკმაოდ არასაიმედოა. ყოველ წელს უკან-უკან მივდივართ. წელს გაცილებით უარესი საგაზაფხულო სეზონი იყო, ვიდრე შარშან და დიდი იმედები არც ზაფხულისთვის მაქვს. უკვე ექვსი წელია ამ სფეროში ვარ და ყოველწლიურად ვგრძნობ კლებას, განსაკუთრებით ევროპიდან შემოსული ტურისტების კუთხით. ახლა უფრო მეტად ადგილობრივ დამსვენებელზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა შედარებით მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ შემცირების ტენდენცია გრძელდება და, მისი შეფასებით, წლიურად დაახლოებით 20%-იან კლებას აღწევს. წივილაშვილი ტურისტული ნაკადების შემცირების მიზეზად ზოგად გლობალურ და ადგილობრივ ფაქტორებს ასახელებს, თუმცა ადგილზე ინფრასტრუქტურის პრობლემებსაც უსვამს ხაზს. “კინთას” დამფუძნებელი აცხადებს, რომ სიონში ამ მიმართულებით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.
"ამ ექვსი წლის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. წლებია მესმის, რომ სანაპიროს გზა უნდა მოწესრიგდეს და სიონი რაიონულ ცენტრს დაუკავშირდეს, რაც აქტივობას გაზრდიდა, მაგრამ რეალურად ტალახიან გზაში კენჭიც კი არავის ჩაუგდია. არც ცნობადობა იზრდება - ძირითადად ისევ ის ადამიანები ჩამოდიან, ვისაც სიონი წლებია უყვარს", - აღნიშნა მან.