ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ ირანისთვის იარაღის მისაწოდებლად ვლადიმერ პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად საქართველოს ანაკლიის პორტს იყენებს. ამის შესახებ უილსონმა კომისიაში რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირანმა რუსეთს შესაძლებლობა მისცა, სანქციებისთვის თავი აერიდებინა.
„ირანის რეჟიმმა რუსეთს შესაძლებლობა მისცა, თავი აერიდებინა სანქციებისთვის და გაეგრძელებინა თავისი მკვლელი საომარი მანქანის დაფინანსება. ომის დამნაშავე პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად საქართველოს ანაკლიის პორტს იყენებს ირანისთვის იარაღის მისაწოდებლად. ირანი თანამშრომლობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელიც უნდა შეიცვალოს საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებით“, – განაცხადა უილსონმა.
როგორც ჯო უილსონმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობს.
„ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურები არიან საქართველოში. ისინი მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ ანტიამერიკულ რეჟიმს. ეს არის არალეგიტიმური რეჟიმი თბილისში. აშკარაა „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა ომის დამნაშავე პუტინთან. თეირანის რეჟიმთან ერთად, ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს ანაკლიას, საქართველოს შავი ზღვის პორტს, ასევე იშვიათი მინერალებით ვაჭრობას. ამას გაცილებით ფართომასშტაბიანი შედეგები აქვს“, – განაცხადა უილსონმა.