სამშენებლო მასალების 66% ადგილობრივად იწარმოება, ხოლო სარემონტო მასალების სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მძიმე მრეწველობის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (66% ადგილობრივი წარმოება).

„ბეტონის წარმოება 2024-25-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდული ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული დანახარჯების გამო. 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა. 2022-24-ის სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025-ში დასტაბილურდა, თუმცა 2026-ში ირანის კონფლიქტის ფონზე ფასების ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია“, - წერია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სარემონტო მასალებს, სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან.

„სარემონტო მასალების ქვესექტორის შემოსავლების ზრდა თანხვედრაშია ფასის დინამიკასთან. მეორეს მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქვესექტორების შემოსავლები ბოლო 3 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მზარდი მოთხოვნით და შემცირებული ფასებითაა გამოწვეული. 2026-ში ორივე ქვესექტორის შემოსავლებში ზრდაა მოსალოდნელი“, - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.