ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორს საიმონ დუს შეხვდა და ჩინურ ტექნოლოგიურ უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან Xiaomi-სთვის შეთავაზებულია ადგილობრივი აწყობის, ე.წ. CKD საწარმოს შექმნა, რაც პროდუქციის კომპონენტების იმპორტსა და მათ ადგილზე აწყობას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემო ქმნის მყარ საფუძველს კომპანიისთვის, რათა საქართველოში აწყობილი პროდუქციითა და შეღავათიანი სატარიფო განაკვეთებით რეგიონული ბაზრების მომარაგება შეძლოს.
მინისტრმა ჩინურ კომპანიას ავტოინდუსტრიის რეგიონული ლოგისტიკური წარმომადგენლობის განვითარების შესაძლებლობაც შესთავაზა. მარიამ ქვრივიშვილმა საიმონ დუსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს რეგიონული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს Xiaomi-ს პროდუქციის დისტრიბუციას მეზობელ ბაზრებზე. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე უზრუნველყოფს ეფექტურ კავშირს ევროკავშირთან, შავი ზღვის რეგიონთან, კავკასიასთან, ყურის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიასთან. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, საქართველოდან მოახდინოს პროდუქციის დისტრიბუცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის რეგიონში, გალფის ქვეყნებში და უზრუნველყოს პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და რეგიონული მიწოდების ნაკადების კოორდინაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა, რაც ქმნის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ჩინური ბიზნესისთვის საქართველოში. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საგადასახადო განაკვეთებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციამ Xiaomi-ს ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს