შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ „დიდი ოცეულის“(G20) სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადად მიწვევას აპირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი მონაწილეობა „სასარგებლო“ იქნებოდა.

  • სამიტს დეკემბერში უმასპინძლებს ფლორიდის შტატის ქალაქი მაიამი. რუსეთი G20-ის წევრია.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა 22 აპრილს მედიას განუცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში მიწვეულია G20-ის სამიტში „უმაღლეს დონეზე“ მონაწილეობისთვის, თუმცა ვინ მიიღებს მონაწილეობას, მოგვიანებით გაირკვევა.
  • ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა დაწერა, რომ ტრამპი სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს, თუმცა ოფიციალური მიწვევა ჯერ არ გაუგზავნიათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა 23 აპრილს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომ ზოგიერთი ცნობით, ის პუტინის მიწვევას აპირებს, უარყოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ ზოგადადაც არაფერი იცის მიწვევის შესახებ.

ტრამპის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ პუტინი სამიტისთვის აშშ-ში ჩავა, მაგრამ მისი მონაწილეობა „სასარგებლო“ იქნებოდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ყველასთან საუბარს და „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

წყარო: www.radiotavisupleba.ge