დეველოპერული კომპანია "არქის" დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობაზე მათი ამოცანაა, რომ სამუშაო ძალა ქართველი იყოს.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, მშენებლობის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაც საჭირო გახდეს.

"ის სპეციალისტები, ვინც მოახერხებს ასეთი მშენებლობის გაკეთებას, რა თქმა უნდა, იქნება ქართველი, თუმცა თუ ჩვენ ასეთი მაღალი შენობის მშენებლობაზე დაგვჭირდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, მათ შორის, ევროპიდან და ამერიკიდან და სხვა ქვეყნიდან - რა თქმა უნდა, ჩამოვიყვანთ", - აღნიშნა ილია წულაიამ.

მისივე ინფორმაციით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს არქიტექტორებთან და სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში პროექტი მზად იქნება, რომ პროექტის განხორციელებისა და გაყიდვების დაწყება მოხდეს.

Trump organization-მა ახალი პროექტის, Trump Tower Tbilisi-ს შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

bp.ge