აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის ნატო-სგან გასვლის იდეას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. მასკი სოციალურ ქსელში “რესპუბლიკელი“ სენატორის, მაიკ ლის პოსტებს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ ევროპა შეერთებულ შტატებს ისე ექცევა, როგორც ბანკომატს და რომ ქვეყანამ ნატო უნდა დატოვოს.
“ნამდვილად. უაზრობაა ის, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს“, - წერს მასკი.
ბიზნესმენი ნატოს ადრეც აკრიტიკებდა. თებერვალში მან თქვა, რომ გადასახედია ალიანსის ასეთი ფორმით არსებობა. გასული წლის გაზაფხულზე მასკმა აღიარა, რომ არ ესმის სამხედრო ბლოკის დღევანდელი არსებობის აზრი, "მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსისხლე მტერი და არსებობის მიზეზი, ვარშავის პაქტი, დაინგრა".
მანამდე რესპუბლიკელმა ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკ ლიმ აშშ-ს ალიანსის დატოვებისკენ მოუწოდა.
”კარგი დროა აშშ-სთვის ნატოდან გასვლისთვის”, - თქვა მან ნორვეგიული ნავთობკომპანიის Haltbakk Bunkers-ის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს საწვავის მიწოდება პენტაგონისთვის. გასულ წელს სენატორმა წამოაყენა კანონპროექტი უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაში ნატოდან შეერთებული შტატების ავტომატური გასვლის შესახებ, მაგრამ ინიციატივა არ იქნა მიღებული.
2024 წელს კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს აშშ-ს ნებისმიერ პრეზიდენტს ნატოს დატოვებას. ინიციატივა ეკუთვნის რესპუბლიკელ მარკო რუბიოს. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების უსაფრთხოება“, - განმარტა მაშინ მომავალმა სახელმწიფო მდივანმა. კანონპროექტს ხელი მოაწერა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ტრამპს შეეძლო შეზღუდვების გვერდის ავლა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გამოყენებით, როგორც ამას მანამდე აკეთებდა, - განმარტეს Politico-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები, თუმცა, როგორც ჩანს, ალიანსიდან გამოსვლა მას არ სურს, თუმცა, ითხოვს ნატოს მოკავშირეებისგან გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ტრამპი ნატოს წევრებს დაემუქრა კიდეც, რომ შეერთებული შტატები არ დაიცავს იმ ქვეყნებს, რომლებიც საკმარისად არ დახარჯავენ.