ნატო-ს წევრებს მოუწევთ თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს სამ პროცენტზე მნიშვნელოვნად მეტად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვისთვის მშპ-ს ხუთი პროცენტი გამოყონ, რაც ამჟამინდელ ორ პროცენტთან შედარებით მკვეთრი ზრდაა, რაზეც თავდაცვის ალიანსი ათი წლის წინ შეთანხმდა.
სამომავლო სამიზნე მაჩვენებელზე შეთანხმება ნატო-ს სამიტზე ივნისში ჰააგაში უნდა მოხდეს.
„მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ხარჯების გასაზრდელად წევრ ქვეყნებს მოუწევთ, „თავდაცვის საკითხების პრიორიტეტში დაყენება“.
„პოლიტიკოს“ სტატიაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ადგენს ახალ შესაძლებლობების სამიზნეებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი თანხები.
მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნათელია საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ტანკების დანაკლისი.
„თავდაცვაზე ბოლო 40 წლის განმავლობაში საკმარისი არ დაგვიხარჯავს, განსაკუთრებით ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. აშშ სამართლიანად ითხოვს ამის დაბალანსებას. ეს სრულიად ლოგიკურია“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ყველაფერი განსახილველია“.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ისე, რომ პუტინმა ვერ დაიპყროს უკრაინის ერთი კვადრატული მილი ან ერთი კვადრატული კილომეტრიც კი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
წყარო: 1tv.ge