აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაიბრუნა და წარმატებას ტრადიციულად რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატებშიც მიაღწია. არჩევნების შედეგებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიმართ ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოავლინა.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, დემოკრატების გამარჯვებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის ცხოვრების გაძვირებამ, ეკონომიკურმა პრობლემებმა და რესპუბლიკელი კანდიდატების სისუსტემ.

საარჩევნო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეკონომიკურმა საკითხებმა. Reuters-ის მიერ მოყვანილი ეგზიტპოლების მიხედვით, ამომრჩეველთა თითქმის 90%-მა ცხოვრების ღირებულება არჩევნებში ხმის მიცემისთვის მნიშვნელოვან ან გადამწყვეტ ფაქტორად დაასახელა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ორი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ამომრჩეველთა თითქმის ორმა მესამედმა მაღალი ფასების გამო პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისრა, ხოლო დაახლოებით სამმა მეოთხედმა ქვეყნის განვითარების მიმართულებით უკმაყოფილება გამოხატა.

დემოკრატების წარმატებას ხელი შეუწყო რესპუბლიკელი კანდიდატების მიმართ უკმაყოფილებამაც. ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე კანდიდატმა ისეთ შტატებშიც წააგო, სადაც რესპუბლიკელებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ. Reuters-ის შეფასებით, ამ შედეგებმა კვლავ წამოჭრა კითხვები ტრამპის პოლიტიკურ გათვლებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მისი გადაწყვეტილების შესახებ, კანდიდატების შერჩევისას პირადი ერთგულებისთვის უპირატესობა მიენიჭებინა და არა ფართო საარჩევნო მხარდაჭერის შესაძლებლობისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ლათინოამერიკელ ამომრჩევლებში რესპუბლიკელების მხარდაჭერის შემცირება იყო. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა თითქმის ნახევრის მხარდაჭერა მიიღო, 2026 წლის შუალედურ არჩევნებში კი რესპუბლიკელების მხარდაჭერა ამ ჯგუფში დაახლოებით მესამედამდე შემცირდა. Reuters-ის ცნობით, ეკონომიკურმა უკმაყოფილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამომრჩეველთა ნაწილის პოლიტიკური არჩევანის ცვლილებაში.

ამასთან, კონგრესზე კონტროლის დაბრუნება დემოკრატებისთვის ახალ გამოწვევებსაც ქმნის. ამომრჩევლები პარტიისგან ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ელიან და არა მხოლოდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებას. თუმცა, პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს უფლება კვლავ აქვს, რაც დემოკრატების საკანონმდებლო შესაძლებლობებს ზღუდავს. გარდა ამისა, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, დემოკრატებს ეკონომიკური მდგომარეობის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებაც მოუწევთ.

ვრცლად: www.reuters.com