ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, დღეს საქართველოში შემოსული ინვესტორები ნაკლებად უყურებენ საკრედიტო-სარეიტინგო ანგარიშებს და გადაწყვეტილებებს სხვა, სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით იღებენ. ამის შესახებ მან "საქმის კურსს" Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეფასებისას განუცხადა.

ეკონომისტის აზრით, ქვეყნის რეიტინგის გასაუმჯობესებლად, მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება საკმარისი არ არის, როცა საუბარი ქვეყნის რისკიანობის შეფასებაზე, ის მოიცავს პოლიტიკურ ფაქტორებსაც და ისეთი ტიპის მექანიზმებსაც გულისხმობს, როგორიცაა, სხვადასხვა ტიპის ინსტიტუტების დამოუკიდებელი ფუნქციონირება, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო სისტემა და ასე შემდეგ.

„საქართველოში არ შემოდიან ის ინვესტორები, მოცემულ ეტაპზე, რომლებიც Fitch-ის რეიტინგებს უყურებენ მაინცდამაინც. ის, ვინც დღეს საქართველოში ინვესტიციას დებს, გადასარევად იცის პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოც, რაც ხდება საქართველოში. შესაბამისად, ის იმიტომ ახორციელებს ინვესტიციას, რომ მისთვის საქართველოში ბიზნესსაქმიანობა, მოდი, ეს ტერმინი გამოვიყენოთ – „დალაგებულია“ - ეს არის და ეს“, - განმარტავს ცომაია „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. გამოქვეყნებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას, თუმცა, საინტერესო ისიც, Fitch-ის მიერ, ინვესტორთა განწყობის მიხედვით შეფასებული ქვეყნის რისკიანობა, აგერ უკვე უკვე 7 წელია, რეიტინგის გაუმჯობებესების საშუალებას არ იძლევა.

წყარო: bm.ge