საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ქვეყანა კი კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ხოლო ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ სახელწოდებით არის კანდიდატი ქვეყანა, კვლავ ძალაშია“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო კვლავ ვერ ასრულებს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაში განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის ხელყოფას, ამავდროულად კი ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას.
ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანაში სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა. ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტში ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. ვინაიდან გაწევრების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო.
ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრების გზის გასაგრძელებლად საქართველოს ხელისუფლებამ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალოს. ანგარიშში ვკითხულობთ:
„თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრების საფუძვლად არსებული ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულებას არ აღადგენს, საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრებამდე მოსამზადებელი პროცესის უპირატესობებით“.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა ურყევი რჩება, ისევე როგორც საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში შეფასებულია გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი და განსაზღვრულია სამომავლო რეფორმების პრიორიტეტები.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაეტარებინა. ამისთვის ევროკომისიამ ცხრა ნაბიჯი შეიმუშავა, რომლებიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში რეფორმებს მოიცავდა.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესს აჩერებდა. მის განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რასაც ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.
ევროკომისიის ახალი შეფასებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზეა დამოკიდებული.