ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოელის ხელმძღვანელობით შექმნილი ინვესტორთა კონსორციუმი რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შეძენას ფასიანი ქაღალდების გაცვლის გზით გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, გარიგება შესაძლოა რამდენიმე კვირაში გაფორმდეს. ამის შესახებ სააგენტოს გაყიდვის პროცესთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ განუცხადა.
გეგმის მიხედვით, კონსორციუმის სახელით მოქმედმა ბანკმა დასავლური საინვესტიციო ფონდებისგან Lukoil-ის გაყინული ფასიანი ქაღალდები, მილიარდობით დოლარის ღირებულებით, უკვე შეიძინა. მათი გაცვლა კომპანიის უცხოურ აქტივებში იგეგმება. გარიგება უნაღდო ფორმით განხორციელდება — ფასიანი ქაღალდები პირდაპირ Lukoil-ს კი არ გადაეცემა, არამედ სპეციალურ ესქრო ანგარიშზე განთავსდება.
Lukoil-ის საერთაშორისო პორტფელი თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებს, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ავტოგასამართ სადგურებს მოიცავს. თუმცა, წყაროების ცნობით, ზოგიერთი ობიექტის მუშაობის შეჩერების გამო აქტივების ღირებულება შემცირდა.
კონსორციუმში ბოელის გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ჯგუფები — International Holding Company და Al Hail Holding, ასევე სირია-კატარული ბიზნესმენები, ალ-ხაიათების ძმები და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) მონაწილეობენ.
გარიგების განხორციელების შემთხვევაში, ის Lukoil-ის უცხოური აქტივების გაყიდვის ერთწლიანი პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასული წლის დეკემბერში უარყო სხვა ჯგუფის შეთავაზება, რადგან მიიჩნია, რომ გაყიდვიდან მიღებული სარგებელი პირდაპირ რუსულ კომპანიას არ უნდა დარჩენოდა. ბოელის კონსორციუმის მიერ შეთავაზებული ესქრო მექანიზმი კი, წყაროების თანახმად, მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.