ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაგოსის კუნძულების შესყიდვას განიხილავს, რამაც შესაძლოა, ჩაშალოს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერის გეგმები, რომ ტერიტორიაზე სუვერენიტეტი მავრიკის სახელმწიფოს გადაეცეს.

Telegraph-ის მიხედვით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს წინადადება, რათა ჩაგოსის უდიდეს ატოლ დიეგო გარსიაზე კონტროლის დასამყარებლად, გაერთიანებული სამეფოს გვერდის ავლით, შეთანხმება დადონ. ცნობისთვის, დიეგო გარსიაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს.

გამოცემის ცნობით, ეს წინადადება ერთ-ერთია თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვარიანტებს შორის, რომელთა მიზანიცაა, რომ ჩინეთისა და ირანის მოკავშირე მავრიკისთვის კუნძულებზე კონტროლის გადაცემის ნაცვლად ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოხდეს.

კუნძულების ფასი ჯერჯერობით არ განუხილავთ. თავდაპირველად ბრიტანეთი მავრიკისთვის კუნძულების გადაცემასა და შემდგომ £35 მილიარდის გადახდას გეგმავდა, რათა გაერთიანებულ სამეფოს 99-წლიანი იჯარით სამხედრო ბაზაზე კონტროლი ჰქონოდა.

Telegraph-ის ინფორმაციით, კუნძულებზე კონტროლის დასამყარებლად საჭირო იქნება, რომ აშშ-მ მავრიკისთვის კუნძულების გადაცემა დაუშვას, ხოლო სუვერენიტეტის გადაცემის შემდეგ თეთრ სახლს მოლაპარაკებების გამართვა მავრიკის მოსახლეობასთან მოუწევს.