მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიების რეიტინგში ხელოვნური ინტელექტის სექტორი სულ უფრო მკვეთრად დომინირებს. Crunchbase-ის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ივნისისთვის უმსხვილესი 30 „იუნიქორნის“ საერთო ღირებულების დაახლოებით 60% სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდიოდა.

„იუნიქორნი“ ეწოდება კერძო კომპანიას, რომლის შეფასებაც მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს აღწევს. რადგან ასეთი კომპანიების აქციები საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება, მათი ღირებულება, ძირითადად, ბოლო საინვესტიციო რაუნდის დროს დაფიქსირებული შეფასებით განისაზღვრება.

1. Anthropic — 965 მილიარდი დოლარი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანია Claude-ის შემქმნელი Anthropic-ია. ხელოვნური ინტელექტის კომპანია თითქმის 1 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული და რეიტინგში თავის მთავარ კონკურენტ OpenAI-ს უსწრებს.

Anthropic განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება კორპორაციული ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული კოდის შექმნის მიმართულებით. კომპანიის ღირებულების სწრაფი ზრდა ინვესტორების მხრიდან გენერაციული AI-ისადმი გაზრდილ ინტერესს უკავშირდება.

2. OpenAI — 852 მილიარდი დოლარი

მეორე ადგილზე ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ა. კომპანიის შეფასებამ ბოლო საინვესტიციო რაუნდის შემდეგ 852 მილიარდ დოლარს მიაღწია.

OpenAI გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ რჩება. მისი პროდუქტები გამოიყენება როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ისე კომპანიებისა და საჯარო უწყებების მიერ.

3. ByteDance — 480 მილიარდი დოლარი

ჩინური ByteDance რეიტინგის მესამე ადგილზეა და ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად რჩება მათ შორის, რომელთა ძირითადი ბიზნესი მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე არ არის დაფუძნებული.

ByteDance ფლობს TikTok-ს და ჩინურ პლატფორმა Douyin-ს. კომპანია ასევე მუშაობს ელექტრონული კომერციის, თამაშებისა და კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.

4. Stripe — 159 მილიარდი დოლარი

ამერიკული Stripe ონლაინგადახდების ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პლატფორმაა. მისი სერვისებით სხვადასხვა ზომის ონლაინბიზნესები სარგებლობენ.

კომპანია ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას თაღლითური ოპერაციების გამოვლენის, გადახდების დამუშავებისა და ფინანსური პროცესების ავტომატიზაციისთვის იყენებს.

5. Ant Group — 150 მილიარდი დოლარი

ჩინური Ant Group ციფრული გადახდებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. კომპანია მართავს Alipay-ს, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ციფრული საგადახდო პლატფორმაა.

გადახდების გარდა, Ant Group მომხმარებლებსა და ბიზნესებს სთავაზობს დაკრედიტების, დაზღვევის, დანაზოგებისა და აქტივების მართვის სერვისებს.

6. Databricks — 134 მილიარდი დოლარი

ივნისის რეიტინგის მიხედვით, Databricks-ის ღირებულება 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა. კომპანია კორპორაციულ მომხმარებლებს მონაცემთა შენახვის, დამუშავებისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნის პლატფორმას სთავაზობს.

Databricks-ის სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს, დიდი მოცულობის მონაცემები ერთ სივრცეში გააერთიანონ და ისინი ანალიტიკისა და AI-ის განვითარებისთვის გამოიყენონ.

7. Waymo — 126 მილიარდი დოლარი

Alphabet-ის შვილობილი Waymo ავტონომიური ტრანსპორტის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია თავდაპირველად Google-ის თვითმართვადი ავტომობილების პროექტის სახით შეიქმნა.

მისი უპილოტო ტაქსის სერვისი Waymo One აშშ-ის რამდენიმე ქალაქში მუშაობს და სრულად ავტონომიურ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

8. Reliance Retail — 101 მილიარდი დოლარი

ინდური Reliance Retail რეიტინგში ერთადერთი კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობა ტრადიციულ საცალო ვაჭრობას უკავშირდება.

კომპანია ინდოეთის მასშტაბით ათასობით მაღაზიას მართავს და საკვები პროდუქტების, ელექტრონიკის, ტანსაცმლისა და სხვა სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე ოპერირებს.

9. Revolut — 75 მილიარდი დოლარი

ბრიტანული ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Revolut ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ „იუნიქორნად“ რჩება.

კომპანიამ საქმიანობა მრავალვალუტიანი ბარათით დაიწყო, მოგვიანებით კი სრულფასოვან ფინანსურ აპლიკაციად ჩამოყალიბდა. Revolut მომხმარებლებს გადარიცხვებს, საბანკო ანგარიშებს, დანაზოგებსა და საინვესტიციო მომსახურებებს სთავაზობს.

10. Shein — 66 მილიარდი დოლარი

ათეულს ონლაინვაჭრობისა და სწრაფი მოდის კომპანია Shein ასრულებს. მისი ბიზნესმოდელი მომხმარებელთა მოთხოვნისა და ონლაინტენდენციების სწრაფ ანალიზზეა აგებული.

კომპანია თავდაპირველად მცირე რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს და პოპულარულ მოდელებზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში წარმოებას სწრაფად აფართოებს.

რეიტინგი აჩვენებს, რომ კერძო კაპიტალი დღეს ყველაზე დიდი მოცულობით ხელოვნური ინტელექტის კომპანიებში მიედინება. პირველ ორ ადგილზე მყოფი Anthropic-ისა და OpenAI-ის საერთო შეფასება 1.8 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

ამავე დროს, კერძო კომპანიების შეფასებები საბოლოო საბაზრო ფასს არ წარმოადგენს. ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ახალი საინვესტიციო რაუნდის, აქციების კერძო გაყიდვის, შერწყმის ან საფონდო ბირჟაზე გასვლის შედეგად.

წყაროები:
https://www.visualcapitalist.com/ranked-the-worlds-most-valuable-unicorns-in-2026/


https://news.crunchbase.com/unicorn-company-list/