ურბანული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, ძირითადი სერვისების აღდგენა და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების გაგრძელება - ეს არის მთავარი ამოცანები, რომელთა შესასრულებლად შვეიცარიის მთავრობა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამ მიზნების მისაღწევად, ოფიციალური ბერნი 2028 წლამდე 1,5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (1,65 მილიარდი დოლარი) გამოყოფს.
ოთხშაბათს, 13 თებერვალს, შვეიცარიის მთავრობამ 2025-2028 წლების ე.წ. „ქვეყნის პროგრამული პრიორიტეტები“ განსაზღვრა. მის ფარგლებში, მთავრობამ და პარლამენტმა უკრაინის აღდგენისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების ოდენობაც დაადგინეს.
შვეიცარის ხელისუფლების განმარტებით, უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ურბანული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას, ძირითადი სერვისების აღდგენას და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას მოხმარდება. მთავრობის განცხადებით, შვეიცარია ასევე აპირებს, ითანამშრომლოს უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებთან, რათა მათ მსოფლიო ბაზარზე ინტეგრირებაში დაეხმაროს.
კერძო სექტორის მხარდაჭერისა და განვითარების გარდა, შვეიცარიის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უკრაინის ურბანული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული ობიექტების შეკეთებას. ის ასევე მხარს უჭერს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მონაწილეობას აღდგენის პროცესში.
სადაც ომია, იქ დაცვა და უსაფრთხოება უმთავრეს საჭიროებად რჩება. შესაბამისად, შვეიცარია გეგმავს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას, რომ მოსახლეობისთვის ხარისხიანი საჯარო სერვისების მიწოდება დისკრიმინაციისა და კორუფციის გარეშე მოხდეს.
მილიარდები დახმარებისთვის
დახმარების პროგრამა უკრაინაში რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მდგრადი განვითარების ფედერალური მხარდაჭერის 12-წლიანი პროცესის დაწყებასაც ითვალისწინებს. მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ელჩი ჟაკ გერბერი.
პირველ ეტაპზე (2028 წლამდე), მას საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გამოეყოფა. მთლიანად კი 12-წლიანი პროგრამა სულ 5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით დაფინანსდება. 2029 წლიდან 2036 წლამდე საჭირო დაფინანსების სხვა წყაროებს შვეიცარიის მთავრობა უკვე იძიებს.
წყარო: 1 არხი