საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის „დღიური ბაზრის“ (Intraday market) ფუნქციონირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დროებით შეჩერდება.
ცვლილება საქართველოს მთავრობის 8 სექტემბრის №438 დადგენილებით დამტკიცდა, რომლითაც „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში“ შესაბამისი ჩანაწერები შეიცვალა.
დღიური ბაზრის შეჩერების მიუხედავად, გარდამავალი მოდელის ფარგლებში განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება „დღით ადრე ბაზრის“ (Day-Ahead market) მუშაობა. აღნიშნული სეგმენტი მოკლევადიანი ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ფასის ფორმირების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმად რჩება.
ცვლილებების ფონზე, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, ნორვეგიული კომპანია Nord Pool AS-ისგან სავაჭრო პლატფორმის მომსახურება გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინოს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1.4952 მლნ ევროა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, მომსახურების შესყიდვა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს.
ერთი მხრივ, იგეგმება კრიტიკული სავაჭრო პლატფორმის მომსახურების მოცულობისა და ღირებულების შემცირება, რადგან 1-ელი ოქტომბრიდან Intraday market აღარ იმუშავებს. შესაბამისად, პლატფორმის მომსახურება და შესაბამისი ტარიფიც ბაზრის განახლებულ მოდელს უნდა მოერგოს.
მეორე მხრივ, შესყიდვის მიზანია სავაჭრო პლატფორმის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და მოქმედი ხელშეკრულების 2030 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელება.
Nord Pool-ის კომერციული შეთავაზების მიხედვით, მომსახურების შემცირებული და ბაზრის ახალ მოდელზე მორგებული ტარიფით გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კონტრაქტის ვადა 2027 წლის 1-ელი ივლისიდან 2030 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდება.
სენბის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილების მიღებიდან ცვლილებების ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩებოდა, რის გამოც საჭირო გახდა ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება. ბირჟას კვლავ აქვს ვალდებულება, შეუფერხებლად უზრუნველყოს „დღით ადრე ბაზრის“ ფუნქციონირება განუსაზღვრელი ვადით.
საქართველოში ელექტროენერგიის ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდა, თუმცა სრულად არა. ამ ეტაპზე ქვეყანაში გარდამავალი საბაზრო მოდელი მოქმედებს და ამოქმედებული იყო ორი სეგმენტი — „დღით ადრე ბაზარი“ და „დღიური ბაზარი“.
რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებს, მათი ამოქმედების ვადა 2025 წლის 1-ელი ივლისიდან 2027 წლის 1-ელ ივლისამდე გადაიწია.
ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მასში ჩართვა შეუძლიათ როგორც ელექტროენერგიის მწარმოებლებს, ისე მომხმარებლებს. ამასთან, მომხმარებელთა კატეგორიაში მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ მოიაზრება და საუბარია ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ საწარმოებზე.