რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომმა“ სომხეთს ახალი ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო კონსორციუმის ფორმატში აშენება შესთავაზა. ამის შესახებ „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლიხაჩოვის განცხადებით, რუსულმა მხარემ სომხეთს უკვე წარუდგინა ოფიციალური შეთავაზება VVER-1000 ტიპის, 1 000 მეგავატი სიმძლავრის ენერგობლოკის მშენებლობის შესახებ.

„როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი მზად არის პროექტის განხორციელებაში სხვა ქვეყნების კომპანიებიც ჩართოს და საერთაშორისო კონსორციუმი შექმნას. მისივე განცხადებით, საუბარია, მათ შორის, საფრანგეთის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის მწარმოებლებზე, თუკი ასეთი ფორმატი სომხეთისთვის მისაღები იქნება.

ლიხაჩოვის განმარტებით, სომხეთში ელექტროენერგიის მოხმარების მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, 2036 წლისთვის დამატებით სწორედ 1 000 მეგავატი სიმძლავრე იქნება საჭირო დეფიციტის დასაფარად.

პროექტის საკითხი სომხეთისთვის განსაკუთრებით აქტუალურია მოქმედი მეცამორის ატომური ელექტროსადგურიის ფონზე, რომლის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვა 2036 წლისთვის არის მოსალოდნელი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი ატომური ელექტროსადგურის ტექნოლოგიისა და პარტნიორების შერჩევაზე სომხეთის ხელისუფლება გადაწყვეტილებას უახლოეს თვეებში მიიღებს.

ამასთან, ფაშინიანს სომხეთის მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მოდულური რეაქტორებით ჩანაცვლების საკითხი ამერიკელ პარტნიორებთანაც განუხილავს, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.

რუსული მედიის ცნობით, ახალი ატომური სადგურის მშენებლობის საკითხზე სომხეთი კონსულტაციებს ასევე აწარმოებდა რუსეთთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან.