საბავშვო ბაღებში სურსათის უვნებლობის მონიტორინგის ფარგლებში აღებული 370 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისას დარღვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი და ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება.
მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხორცი და ხორცპროდუქტები, მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
ლაბორატორიული კვლევები მოიცავს მძიმე მეტალების, ნიტრატების, მიკრობიოლოგიური პარამეტრებისა და სხვადასხვა პათოგენის, მათ შორის სალმონელას, შიგელასა და კოლიფორმების შემოწმებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დარჩენილი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.