მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდნენ. შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

გადაწყვეტილება მცირე მარნებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, შეღავათი სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით დაწესდა.

მისივე თქმით, სერტიფიცირება მცირე მარნებისთვის კვლავ სავალდებულო მოთხოვნად რჩება, თუმცა შესაბამისი მომსახურება მათთვის უფასო იქნება.

კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა. ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა.

შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება 1 სექტემბრიდან ფასიანი გახდა, თუმცა მცირე ზომის მარნებისთვის ეს მომსახურება საფასურის გარეშე განხორციელდება. მათ კვლავ მოეთხოვებათ სერტიფიცირების პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება.