რუსული კომპანიები რუსეთიდან აშშ-ში დიზელის საწვავის გადამტანი მეოთხე გემის გასაგზავნად ემზადებიან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 28-ე მინისტერიალის ფარგლებში განუცხადა.

„ამჟამად სამი გემი (აშშ-სკენ მიემართება - IF). (...) ჩვენ (მეოთხე ტანკერის - IF) გამგზავრებას 28-ში ველოდებით“, - თქვა ნოვაკმა.

მან აღნიშნა, რომ, საერთო ჯამში, ორი ქვეყნის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული ზოგადი შეთანხმებები სრულდება, მიუხედავად დემოკრატების მხრიდან შეთანხმებებთან დაკავშირებით განხორციელებული ზეწოლისა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემოკრატმა სენატორებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა რამდენიმე ბანკსა და საზღვაო პორტს გაუგზავნეს წერილები, რომლებშიც მოსკოვთან დიზელის შესახებ შეთანხმების შესაძლო გამოძიების შემთხვევაში, რუსეთთან ტრანზაქციების ყველა ჩანაწერის შენახვას ითხოვდნენ. წერილებში ხაზგასმულია, რომ კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან დიზელის შესახებ შეთანხმებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. „საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, გასაკვირია დემოკრატების პოზიცია, რომლებიც საუბრობენ ან თუნდაც მოქმედებენ ისე, რაც არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ინტერესებს“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ცნობილია, რუსეთში დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა საწვავის ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად შემოიღეს: მწარმოებლებისთვის ის 2026 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დარჩენილიყო ძალაში, ხოლო არამწარმოებლებისთვის - 2027 წლის 31 იანვრამდე.

ვრცლად interfax – ზე