საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის, კილიან მბაპეს, შესახებ გავრცელებულ ვიდეოს ჩინეთში მსხვილი კომპანიების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, ფეხბურთელს ეკითხებიან, მის შესახებ შექმნილი რომელი ინტერნეტმემი მოსწონს ყველაზე მეტად. მბაპესთვის მიწერილი პასუხის მიხედვით, მას განსაკუთრებით აცინებს ვიდეო, რომელშიც მისი სახეა გადატანილი ჩინეთის ყოფილი ლიდერის, მაო ძედუნის გამოსახულებაზე.
ეს მემი ინტერნეტში გავრცელებული ხუმრობების ნაწილია, რომლებშიც მბაპეს სახე სხვადასხვა ისტორიული ლიდერის გამოსახულებაზეა დატანილი. ვიდეოში ფეხბურთელი ამ ადამიანს „ჩინელ დიქტატორად“ მოიხსენიებს, რაც ჩინურ სოციალურ ქსელებში კრიტიკის მიზეზი გახდა.
სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩინურმა კომპანიებმა Dongpeng-მა, Mengniu-მ და Milkground-მა მბაპესთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ამასთან, სააგენტო AFP-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა ვიდეოს ავთენტურობა დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა.