რუსეთი ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას 2026 წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს. გადაწყვეტილება გავრცელდება ბაზრის ყველა მონაწილეზე, როგორც ნავთობპროდუქტების უშუალო მწარმოებლებზე, ისე არამწარმოებელ კომპანიებსა და გადამყიდველებზე.
ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საწვავის ბაზარზე ვითარება ნაწილობრივ დასტაბილურდა, თუმცა სრულ აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და რიგ რეგიონებში მიწოდების პრობლემა კვლავ რჩება.
ნოვაკის განცხადებით, მთავრობა რეგიონებსა და ნავთობკომპანიებთან ერთად საწვავის მიწოდების საკითხებს ე.წ. ხელით მართვის რეჟიმში წყვეტს. ხელისუფლების პრიორიტეტად შიდა ბაზრის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორის საწვავით უზრუნველყოფა სახელდება.
ბენზინისგან განსხვავებით, დიზელის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება იგეგმება - მას შემდეგ, რაც შიდა ბაზარი სრულად მომარაგდება. რუსეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ დიზელის ექსპორტის ხანგრძლივად შეჩერებამ შესაძლოა საწვავის ჭარბი მარაგი შექმნას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა შეამციროს და წარმოებას პრობლემები შეუქმნას.
როგორ მივიდა რუსეთი ამ გადაწყვეტილებამდე?
რუსეთის საწვავის ბაზარზე კრიზისი 2026 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში გაღრმავდა. სეზონურად გაზრდილ მოთხოვნას დაემთხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაუგეგმავი გაჩერებები და უკრაინული დრონებით რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური თავდასხმები. შედეგად, რამდენიმე რეგიონში შეიქმნა ბენზინის დეფიციტი, გაიზარდა ფასები, ბენზინგასამართ სადგურებთან კი რიგები გაჩნდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დაფიქსირდა ციმბირის ნაწილში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.
ბენზინის ექსპორტის შეზღუდვა თავდაპირველად 1-ელი აპრილიდან 31 ივლისამდე დაწესდა, რათა საწვავი პირველ რიგში შიდა ბაზარზე დარჩენილიყო. ვითარების სრულად ვერ დასტაბილურების გამო, ხელისუფლებამ აკრძალვის 2026 წლის ბოლომდე გაგრძელება გადაწყვიტა.
წყაროები:
https://www.interfax.ru/amp/1105583
https://www.interfax.ru/russia/1105571
https://government.ru/news/58316/