რუსეთის საბანკო სექტორში მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ევროპის ქვეყნების სადაზვერვო შეფასებით, ომის ხარჯები, ინფლაცია, საწვავის პრობლემები, პრობლემური სესხების ზრდა და დასავლეთის სანქციების შესაძლო გამკაცრება შესაძლოა საბანკო კრიზისის გამომწვევი გახდეს.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, რუსულ ბანკებზე იზრდება ზეწოლა, რათა მათ სამხედრო ინდუსტრიისა და უძრავი ქონების სექტორები სუბსიდირებული სესხებით დააფინანსონ. შეფასებით, კორპორაციული სესხების დაახლოებით 10% დეფოლტის რისკის ქვეშაა.

ამასთან, რამდენიმე მსხვილმა რუსულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2025 წელს პრობლემური სამომხმარებლო სესხების წილმა 15%-ს მიაღწია. პარალელურად, გაკოტრების განაცხადი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის მესამედით მეტია.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო პროგრამებმა მილიონობით მოქალაქეს უბიძგა ერთდროულად რამდენიმე სესხის აღებისკენ, რამაც მოსახლეობის დავალიანება გაზარდა.

რუსეთის საბანკო სისტემის დამატებით რისკად შესაძლოა იქცეს ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც შესაძლოა საბანკო სექტორსა და კრიპტოვალუტის პლატფორმებს შეეხოს.

ამასთან, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ომის ფონზე მცირდება რუსეთის ფინანსური რეზერვები და ენერგეტიკული შემოსავლები. ქვეყნის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივები ომის დაწყებამდე მშპ-ის 6.5%-ს შეადგენდა, ახლა კი 1.8%-მდეა შემცირებული, ხოლო ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად დაეცა.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკის მთავარი პრობლემა უკვე არა ფინანსური რესურსების ნაკლებობა, არამედ სამუშაო ძალის, ტექნოლოგიებისა და საწარმოო შესაძლებლობების დეფიციტია, რაც გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების ფონზე ინფლაციის დაჩქარების რისკს ზრდის.