რუსეთში გაღრმავებული საწვავის კრიზისის ფონზე, მოსახლეობამ ინტერნეტში ბენზინის დამოუკიდებლად დამზადების გზების ძიება მკვეთრად გაააქტიურა. გამოცემა The Bell-ის ინფორმაციით, რომელიც „Яндекс Вордстат“-ის მონაცემებს ეყრდნობა, ივნისში ფრაზა „როგორ გავაკეთო ბენზინი“ (как сделать бензин) 17,1 ათასჯერ მოიძებნა, რაც მაისთან შედარებით სამჯერ მეტია და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე მეტი მსგავსი მოთხოვნა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, კრასნოდარიდან, ასევე ოკუპირებული სევასტოპოლიდან და სიმფეროპოლიდან დაფიქსირდა. მომხმარებლები ასევე ეძებდნენ ინფორმაციას „სახლში ბენზინის დამზადების“ და „92-ოქტანიანი ბენზინის 95-ოქტანიანად გადაქცევის“ შესახებ.
ანალოგიურ ტენდენციას აჩვენებს Google Trends-იც. თუ წლის პირველ ნახევარში მსგავსი ძიებები თითქმის არ ფიქსირდებოდა, 22-27 ივნისს მოთხოვნამ მაქსიმალურ — 100-ქულიან — ნიშნულს მიაღწია. ყველაზე მაღალი ინტერესი ზაბაიკალის მხარეში, ნოვგოროდისა და ირკუტსკის ოლქებში დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენზინის მოძიებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც. „Яндекс Вордстат“-ის მონაცემებით, ივნისში ფრაზა „სად არის ბენზინი“ (где бензин) დაახლოებით 2 მილიონჯერ მოიძებნა, რაც მაისის მაჩვენებელს თითქმის 20-ჯერ აღემატება. ძიებების პიკი 30 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც მომხმარებლებმა ხელმისაწვდომი ავტოგასამართი სადგურების შესახებ ინფორმაცია 274 ათასზე მეტჯერ მოიძიეს, ხოლო 3 ივლისს ეს რიცხვი 318 ათასს გადააჭარბა.
Google Trends-ის მონაცემებით, ივნისში მოთხოვნა ფრაზაზე „სად ვიყიდო ბენზინი“ 18-ჯერ გაიზარდა, ხოლო ძიება „რომელ ბენზინგასამართ სადგურზე არის ბენზინი“ მაისთან შედარებით 56-ჯერ გახშირდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ბენზინის მარაგების ამსახველ რუკებზეც.
საწვავის დეფიციტის პარალელურად, რუსეთში ხუთჯერ გაიზარდა ბენზინის დანამატების (პრიზადკების) შესახებ ინფორმაციის ძიებაც. „Яндекс“-ში შესაბამისი მოთხოვნები ივნისში 36 ათასს გადააჭარბა, ხოლო ზოგადი ფრაზა „დანამატი“ (присадка) 310 ათასზე მეტჯერ მოიძებნა, რაც მაისთან შედარებით 58%-იანი ზრდაა.
მედიის ინფორმაციით, საწვავის კრიზისი უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმა გაამწვავა. ამის შედეგად, ცენტრალურ რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ქარხნების დატვირთვა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. Reuters-ის ცნობით, ივნისში რუსეთში ბენზინის წარმოება 25%-ით, დღეში 85 ათას ტონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ზაფხულის პერიოდში ყოველდღიური მოხმარება დაახლოებით 110 ათას ტონას აღწევს.
არსებული ვითარების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ 40-ზე მეტ რეგიონში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საწვავის რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა. ამასთან, საწვავის მიწოდების შეფერხებების, ცარიელი ან დროებით დახურული ავტოგასამართი სადგურების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის 85 რეგიონიდან ვრცელდება.