მზის ენერგია სუფთა უნდა იყოს არა მხოლოდ საბოლოო შედეგით, არამედ მთელი პროცესით პროექტირებიდან სიცოცხლის ციკლის ბოლომდე. საქართველოში მზის ელექტროსადგურების განვითარების პარალელურად, დღის წესრიგში დგება ნარჩენების წინმსწრები, პასუხისმგებლიანი მართვის საკითხი. აქვთ თუ არა კომპანიებს დემონტაჟისა და გადამუშავების გეგმა და რა როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ მომდევნო ათწლეულში? ბაზრის რეალურ საჭიროებებზე, საერთაშორისო პრაქტიკის გონივრულ ადაპტაციასა და აღრიცხვიანობის სისტემის აუცილებლობაზე კომერსანტთან ინტერვიუში ASTORIOS Holding Inc.-ის გენერალური დირექტორი, ლელა კურტანიძე საუბრობს.

 

საქართველოში მზის ელექტროსადგურებისა და მზის პანელების პროექტები სწრაფად ვითარდება. მათი სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ, როგორ შეიძლება ვმართოთ წარმოქმნილი ნარჩენები და რამდენად მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეს საკითხი დღეს?

-  “საქართველოში მზის ენერგეტიკა სწრაფად ვითარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნარჩენების კრიზისი უკვე გვაქვს. მზის პანელების სიცოცხლის ციკლი დაახლოებით 30 წელია, ამიტომ მოძველებული პანელების დიდი მოცულობა საქართველოში ჯერ არ დაგროვებულა. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, საკითხს შევხედოთ წინასწარ და არა დაგვიანებით. მზის ელექტროსადგური მხოლოდ პანელი არ არის. ეს არის საინჟინრო აქტივი, რომელშიც შედის მინა, ალუმინი, ფოლადი, სპილენძი, კაბელები, ინვერტორები, ტრანსფორმატორები, ელექტრონული კომპონენტები და ზოგ შემთხვევაში ბატარეის სისტემებიც (BESS). სიცოცხლის ბოლოს ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ნარჩენი, ან სწორად მართვის შემთხვევაში — ღირებული მასალების წყარო. ამიტომ მთავარია რომ სექტორის ზრდასთან ერთად თავიდანვე ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლიანი მიდგომა: აღრიცხვა, დოკუმენტაცია, დემონტაჟის გეგმა და გადამუშავების სწორი არხები”.

როგორ ხდება მზის პანელებისა და მზის ელექტროსადგურების კომპონენტების გადამუშავება და რამდენად განვითარებულია ეს პრაქტიკა მსოფლიოში?

- “მსოფლიოში მზის პანელებისა და მზის ელექტროსადგურის კომპონენტების გადამუშავების პრაქტიკა უკვე არსებობს, თუმცა ის ჯერ კიდევ ვითარდება. შედარებით მარტივი პროცესია ალუმინის ჩარჩოს, კაბელებისა და შეერთების ყუთის მოცილება, შემდეგ კი მინისა და ლამინირებული ნაწილის დამუშავება. უფრო თანამედროვე მიდგომა უკვე ორიენტირებულია არა მხოლოდ მასის გადარჩენაზე, არამედ მაღალი ღირებულების მასალების აღდგენაზე — სუფთა მინა, ალუმინი, სპილენძი, სილიკონი და ვერცხლი. ამისთვის გამოიყენება თერმული, ქიმიური და ზუსტი მექანიკური ტექნოლოგიები. აქ მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რამდენი პროცენტი გადამუშავდა. უფრო მნიშვნელოვანია, რა ხარისხის მასალა დავიბრუნეთ ეკონომიკაში. სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობენ განვითარებული ბაზრები. საქართველოსთვის სწორი გზა იქნება საერთაშორისო გამოცდილების გონივრული ადაპტაცია — არა ბრმა კოპირება, არამედ ჩვენი ბაზრის ზომაზე, ლოგისტიკასა და რეალურ საჭიროებებზე მორგებული მოდელი”.

რა სარგებელი მოაქვს გადამუშავებას თავად ბიზნესისთვის და რამდენად უწყობს ხელს ნარჩენების ეფექტიანი მართვა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას?

-  “ბიზნესისთვის გადამუშავება მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა არ არის. ეს არის აქტივის მართვის ნაწილი. როდესაც კომპანიამ იცის, რა მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული, სად არის მისი ტექნიკური დოკუმენტაცია, გარანტია, სერიული ნომერი და სიცოცხლის ბოლოს რა მარშრუტი ექნება თითოეულ კომპონენტს, მცირდება ფინანსური, სამართლებრივი და რეპუტაციული რისკი. სწორად აღრიცხული პანელი სიცოცხლის ბოლოს შეიძლება იყოს არა ნარჩენი, არამედ მასალების ბანკი. გარემოსდაცვითი სარგებელიც პირდაპირია: ნაკლები ნარჩენი, ნაკლები პირველადი ნედლეულის მოპოვება და უფრო სუფთა ინდუსტრიული ციკლი. ბიზნესისთვის კი ეს ნიშნავს უფრო სანდო პროექტს, უკეთეს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) პროფილს და უფრო მაღალ საინვესტიციო ხარისხს. ფინანსური ინსტიტუტები და ინვესტორები მზის პროექტს აღარ უყურებენ მხოლოდ როგორც გენერაციის ობიექტს. მათთვის ეს არის გრძელვადიანი აქტივი, სადაც მნიშვნელოვანია ტექნიკური დოკუმენტაცია, გარანტიების მართვადობა, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების (O&M) გეგმა, აღჭურვილობის მიკვლევადობა და სიცოცხლის ციკლის რისკები. ASTORIOS-ში სწორედ ასე ვმართავთ ურთიერთობას კლიენტთან, ჩვენთვის თითოეული დოკუმენტის გამართულობა და მათი სრულად მიწოდება კლიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მზის ენერგეტიკის სექტორის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ მომდევნო ათწლეულში და რა მიმართულებით უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა ამ გამოწვევების საპასუხოდ? 

- “მომდევნო ათწლეულში მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, იქნება არა მხოლოდ სიმძლავრეების ზრდა, არამედ ამ ზრდის ხარისხი. მზის ენერგეტიკა უნდა განვითარდეს სწრაფად, მაგრამ არა ქაოტურად. თუ პროექტები აშენდება არასრული დოკუმენტაციით, სუსტი ტექნიკური სტანდარტით, გაურკვეველი გარანტიებით ან არასაკმარისი ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების კულტურით, ეს მომავალში დამატებით ხარჯად დაუბრუნდება როგორც ბიზნესს, ისე მთლიან ბაზარს.

 

აქ პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს არ ეკუთვნის. კერძო სექტორმა უნდა ააშენოს ხარისხიანად, ფინანსურმა სექტორმა უნდა დააფინანსოს პასუხისმგებლიანად, ხოლო საჯარო სექტორმა უნდა შექმნას მკაფიო, პროგნოზირებადი და პრაქტიკული ჩარჩო. ეს არ უნდა იყოს ზედმეტი ბიუროკრატია. ეს უნდა იყოს წესრიგი, რომელიც ბაზარს ზრდაში ეხმარება.

 

პოლიტიკის მიმართულება, ჩემი აზრით, უნდა იყოს ეტაპობრივი და პრაქტიკული: ტექნიკური პასპორტიზაცია, დოკუმენტაციის მინიმალური სტანდარტი, PV მოდულებისა და ბატარეის სისტემების სიცოცხლის ბოლომდე მართვის პრინციპები, და სერტიფიცირებულ ადგილობრივ ან საერთაშორისო გადამუშავების არხებთან კავშირი. საქართველოს არ სჭირდება ამ პროცესის დაწყება მხოლოდ გადამამუშავებელი ქარხნის იდეით. ჯერ საჭიროა სისტემა: აღრიცხვა, პასუხისმგებლობა, სტანდარტი და კოორდინაცია. ინფრასტრუქტურა ამას ბუნებრივად მოჰყვება, როცა ბაზარი შესაბამის მასშტაბს მიაღწევს.

 

ASTORIOS-ში ჩვენი მიდგომა მარტივია: Build Once. Build Right — ააშენე ერთხელ, ააშენე ხარისხიანად. მზის ენერგეტიკა სუფთა უნდა იყოს არა მხოლოდ საბოლოო შედეგით, არამედ მთელი პროცესით — პროექტირებიდან ექსპლუატაციამდე და სიცოცხლის ციკლის ბოლომდე”.- განაცხადა ASTORIOS Holding Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა ლელა კურტანიძემ.