თბილისის მერიის მიერ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ სამივე ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს „სმარტ სოლუშენსი“ გახდა. ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.

კომპანია სამუშაოებს ჯამში 19.8 მილიონ ლარამდე შეასრულებს. პროექტი მოიცავს რუსთაველის გამზირის სამ მონაკვეთს: ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, კოსტავას ქუჩიდან „მერანამდე“ და „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე.

„სმარტ სოლუშენსი“ 2015 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს ლევან გოგსაძე ფლობს, ხოლო დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. მიმდინარე წელს კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების რვა ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გამარჯვება კი მხოლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამ ტენდერში მოიპოვა.