საქართველოს იურიდიული მომსახურების სექტორში შემოსავლების მიხედვით ახალი ლიდერი გამოჩნდა, 2024 წელს BLC Law Office-მა ₾5.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და ბაზარზე პირველ პოზიციაზე გადავიდა.
იურიდიული ფირმების ფინანსური მიმოხილვის მიხედვით, ექვსი მსხვილი კომპანიის - BLC-ის, BGI Legal-ის, Andersen in Georgia-ის, Dentons Georgia-ის, Nodia, Urumashvili & Partners-ისა და Kordzadze Law Office-ის - ჯამურმა ბრუნვამ 2024 წელს ₾20 მილიონს გადააჭარბა.
BLC-ის შემოსავალი გასულ წელს წლიურად 60%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიამ BGI-სა და Dentons-ს გადაასწრო. სექტორის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ BLC-სა და Andersen-ზე მოდიოდა.
იურიდიული მომსახურების ბიზნესი, როგორც წესი, დაბალი კაპიტალტევადობის, ე.წ. asset-light მოდელზეა დაფუძნებული. ამ სფეროში მთავარი აქტივები არა ფიზიკური რესურსები, არამედ პარტნიორების რეპუტაცია, იურისტების კვალიფიკაცია, კლიენტებთან ურთიერთობები და განმეორებადი მანდატების პორტფელია.
ფინანსური მონაცემები აჩვენებს, რომ იურიდიულ ფირმებში ყველაზე დიდი ხარჯი შრომის ანაზღაურებაა - წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობაში სახელფასო ხარჯები შემოსავლების 69%-77%-ს შეადგენს. ამასთან, ფულადი სახსრები და სავაჭრო მოთხოვნები ექვსი კომპანიიდან ხუთში აქტივების საშუალოდ 85%-ს იკავებს.
სექტორის შემოსავლების დინამიკა კი არაერთგვაროვანია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსხვილ მანდატებსა და კონკრეტულ პროექტებზე. მაგალითად, 2019 წელს BGI-ის, Dentons-ისა და „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ ერთობლივი შემოსავალი ₾12 მლნ-ს შეადგენდა, მაშინ როცა 2024 წელს ამ სამი კომპანიის ჯამური ბრუნვა ₾10 მლნ-მდე შემცირდა.
ანალიზის მიხედვით, იურიდიული ფირმების მოგებიანობის პირდაპირი შედარება რთულია, რადგან დამფუძნებლები ხშირად თავადაც აქტიური პარტნიორები არიან და შემოსავალს სხვადასხვა ფორმით ხელფასისა და დივიდენდის სახით იღებენ. შესაბამისად, კომპანიებში, სადაც პარტნიორების ანაზღაურება ხელფასში აისახება, მოგების მარჟა შესაძლოა დაბალი ჩანდეს, ხოლო სხვა შემთხვევაში ხელოვნურად მაღალი.
სექტორის სრული ფინანსური ანალიზი, მათ შორის კომპანიების სახელფასო წილი, დივიდენდები, მფლობელების ვინაობა და ისტორიული ფინანსური მონაცემები, ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე.