რუმინეთის მოქალაქეს, რომელმაც ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს ტიკტოკკამპანია დააფინანსა, ჩხრეკისას შვიდი მილიონი დოლარი ჩამოართვეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია რუმინეთის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.

ჩხრეკის შედეგად, ბოგდან პეშირას კუთვნილი სამი ობიექტიდან ამოიღეს რამდენიმე კომპიუტერი. მათი მეშვეობით გამომძიებლებმა პეშირას ანგარიშზე შვიდი მილიონი დოლარი აღმოაჩინეს და ჩამოართვეს.

გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილი პირის „ტიკტოკის“ ანგარიში უზრუნველყოფდა ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსებას.

რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. დასავლური მედია კალინ ჯორჯესკუს ულტრამემარჯვენე და დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილ კანდიდატად განიხილავს. თავად ჯორჯესკუ პოლიტიკურ მანიფესტში მთავარ საკითხად ეროვნულ ინტერესებს ასახელებს.

1tv.ge