უკრაინა-რუსეთის ომი ახალ ფაზაში გადავიდა — ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დარტყმები. სამიზნეებს შორის უკვე არა მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო ობიექტები, არამედ მსხვილი კერძო კომპანიების ინფრასტრუქტურაც აღმოჩნდა.
ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა Wildberries — რუსეთის უმსხვილესი ონლაინმაღაზია, რომელსაც ხშირად „რუსულ Amazon-ს“ უწოდებენ და რომელიც ქვეყნის ონლაინვაჭრობის ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს.
2026 წლის ივლისის მეორე ნახევარში უკრაინულმა ძალებმა 8 დღის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით კომპანიის 10 მსხვილ ლოჯისტიკურ ჰაბს დაარტყეს მოსკოვის, ტამბოვის, კრასნოდარისა და სტავროპოლის რეგიონებში.
Forbes Russia-ს პირველადი შეფასებით, მხოლოდ პირველი დღის დარტყმების შედეგად ზარალმა 150-235 მილიარდი რუბლი ($1.9-3 მილიარდი) შეადგინა. განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა კომპანიის სასაწყობო სიმძლავრეების მინიმუმ 10%.
დარტყმებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთის საცალო სექტორს — შეფერხდა მიწოდების ჯაჭვები, დაზარალდნენ ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესი, ხოლო მილიონობით მომხმარებელს შეეზღუდა მომსახურება. მდგომარეობის გამო Wildberries-ის მფლობელმა RWB ჯგუფმა ყაზახეთში ახალი საწყობების მოძიება დაიწყო.
Wildberries და რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკა
უკრაინის განცხადებით, Wildberries-ის ინფრასტრუქტურა მხოლოდ სამოქალაქო ვაჭრობას არ ემსახურება და ომის დაწყების შემდეგ ის რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი სამხედრო ლოჯისტიკის“ ნაწილად იქცა.
კომპანიის პლატფორმაზე იყიდებოდა ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის FPV დრონები და მათი ნაწილები, თბოვიზორები, ღამის ხედვის მოწყობილობები, ტაქტიკური მედიცინის ნაკრებები, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა იმ ლოჯისტიკურ ცენტრებზე, რომლებიც რუსული არმიისთვის დრონების კომპონენტებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში მონაწილეობდნენ.
დარტყმების შემდეგ Wildberries-მა წაშალა კატეგორია „ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“, სადაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყიდებოდა.
ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოპერაციას სამხედრო მიზანთან ერთად ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს — რუსეთის მოსახლეობისთვის იმის ჩვენება, რომ ომი მხოლოდ ფრონტის ხაზზე აღარ მიმდინარეობს.
კავშირები კრემლთან
Wildberries თავდაპირველად ტატიანა კიმისა და ვლადისლავ ბაკალჩუკის მიერ შექმნილი მცირე ბიზნესი იყო, თუმცა მოგვიანებით კომპანია რუსულ სარეკლამო ჯგუფ Russ-ს შეუერთდა. რუსული მედიის ცნობით, Russ-ს კავშირები აქვს კრემლთან და გავლენიან რუს ბიზნესწრეებთან.
შერწყმა პირადად დაამტკიცა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც პროცესის ზედამხედველობა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, მაქსიმ ორეშკინს დაავალა.
კომპანიის გარშემო დაპირისპირება 2024 წელს გამწვავდა, როდესაც ტატიანა კიმსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ბიზნესკონფლიქტი დაიწყო. მოგვიანებით რუსმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ Wildberries-ში გავლენას პუტინთან დაახლოებული პირებიც ფლობენ.
რისკები რუსეთის ეკონომიკისთვის
Wildberries-ის პრობლემებმა გააჩინა კითხვები რუსეთის ფინანსურ სისტემაზე შესაძლო გავლენის შესახებ. სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას 2021 წლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „Wildberries-ის გაკოტრებამ შესაძლოა საბანკო სისტემა დააზარალოს“.
რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, კომპანიას დაახლოებით 1.3 ტრილიონი რუბლის ვალი აქვს, მათ შორის დაახლოებით 500 მილიარდი რუბლი — ქვეყნის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის წინაშე.
ეკონომისტების შეფასებით, თუ კომპანია ვერ შეძლებს ვალდებულებების შესრულებას და დაზარალებული ბიზნესების კომპენსაციას, სახელმწიფოს შესაძლოა მოუწიოს საბანკო სექტორის მხარდაჭერა, რაც დამატებით ზეწოლას შექმნის რუსეთის ფინანსურ სისტემაზე.