რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ევრაზიის მასშტაბით ფრენების მარშრუტები იცვლება. შედეგად, სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცე, საერთაშორისო ავიაციისთვის მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში წერს.

შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წერილში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში.

ნიკოლას რალოს შეფასებით, საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირების შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიან ფუნქციონირებაში.

წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ავიაცია მზარდი საჰაერო მოძრაობის, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სამხედრო კონფლიქტების ფონზე რთულ ოპერაციულ გარემოში მუშაობს.

ICAO დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჰაერო მოძრაობის შეფერხებების შემცირების, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ავიაციის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისკენ.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს საქმიანობა ადასტურებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და უსაფრთხო, ეფექტიანი საჰაერო ტრანსპორტის სისტემის უზრუნველყოფის მიმართ.

ნიკოლას რალო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შპს „საქაერონავიგაციის“ ოპერატიულ რეაგირებაზე, მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაზე, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიან მართვასა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობაზე.

ICAO-ს შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის მდგრად ფუნქციონირებას.