დუნაიში წყლის დაბალმა დონემ რუმინეთის ენერგეტიკასა და მდინარის ნავიგაციას პრობლემები შეუქმნა

დუნაიში წყლის უჩვეულოდ დაბალი დონის ფონზე, რუმინეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში შვეიცარიის დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „Viking Ullur“ მეჩეჩზე დაჯდა. გემზე 186 მგზავრი და ეკიპაჟის 52 წევრი იმყოფებოდა. მგზავრები ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის დახმარებით უსაფრთხოდ გადაიყვანეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გემი რუმინეთის ქალაქ დრობეტა ტურნუ სევერინიდან ბულგარეთის ქალაქ ვიდინის მიმართულებით მოძრაობდა. რუმინეთის საპორტო სამსახურის ცნობით, ის სანავიგაციო არხის მიღმა გაიჭედა, თუმცა შემთხვევას მდინარეზე მოძრაობა არ შეუფერხებია. უწყების განცხადებით, გემის წყალშიგი დაშვებულ ნორმას შეესაბამებოდა, ხოლო სანავიგაციო არხიდან გადახვევის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ინციდენტის დროს დუნაის ხარჯი რუმინეთის საზღვართან წამში დაახლოებით 1 650 კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც ივლისის საშუალო მაჩვენებელზე, წამში დაახლოებით 4 700 კუბურ მეტრზე, თითქმის სამჯერ ნაკლებია. მდინარეზე წყალშიგის შეზღუდვები მოქმედებს, რაც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს ართულებს.

წყლის დაბალმა დონემ რუმინეთის ენერგეტიკულ სექტორზეც იმოქმედა. სახელმწიფო კომპანია „Nuclearelectrica-მ“ 28 ივლისს ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი კონტროლირებად რეჟიმში გააჩერა. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილება პრევენციული იყო და ბირთვულ უსაფრთხოებას, პერსონალსა და გარემოს საფრთხე არ შექმნია.

ჩერნავოდის სადგურს ორი 706 მეგავატი სიმძლავრის რეაქტორი აქვს, რომლებიც ჩვეულებრივ რუმინეთის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფენ. წარმოების შემცირება ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულებას უზრდის და რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების ზრდის რისკს აძლიერებს.

წყაროები:

AGERPRES,

Nuclearelectrica,

Reuters,

BTA.