ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის ნაწილი მარიონეტული რეჟიმის პარლამენტში განხილულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება. მათი თქმით "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ" ე.წ. კანონში ინიციირებული ცვლილებები საქართველოს "აფხაზეთის პოლიტიკურ პროცესებში" ჩარევის საშუალებას მისცემს.

საუბარია 28 ივლისს რეჟიმის პარლამენტის მიერ განხილულ კანონპროექტზე, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს "აფხაზური ეროვნული კუთვნილებისა" და გვარის აღდგენის უფლებას აძლევს. ახლა ეს უფლება მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ. აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით მისაღებად მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის მომდევნო სესიის სხდომაზე გავა.

"კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზური ეროვნული კუთვნილებისა და გვარის აღდგენის უფლების გავრცელებას პირთა ახალ კატეგორიაზე - უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არიან ეთნიკური აფხაზები (აბაზები), აგრეთვე იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნული კუთვნილება" - წერია ე.წ. პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ცვლილებებს აფხაზეთში დაფუძნებული ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახალხო ძალა სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და წერს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს, რადგან ის გალის რაიონის მცხოვრებლებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებში, ეროვნების შეცვლის გზით აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მათი თქმით, ეს ე.წ. აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხეა, რადგან ამ პირებს მოქალაქეობის მიღების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ.

"ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ცვლილება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება აფხაზეთის საკონსტიტუციო კანონის "მოქალაქეობის შესახებ" სულისკვეთებას, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხესაც წარმოადგენს, რადგან ამ ცვლილებების შედეგად საქართველო რეალურ ბერკეტს იღებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

[...]იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობასთან მუშაობა კომპლექსურად და სისტემურად წარიმართოს, აშენდეს სკოლა-ინტერნატები, სადაც ახალგაზრდები სახელმწიფო ენას, აფხაზეთის ისტორიასა და ლიტერატურას შეისწავლიან, მათ ეროვნების მექანიკურ შეცვლას სთავაზობენ, მაშინ როცა დღეს მათი 98% რეალურად საკუთარ თავს მეგრელად ან ქართველად მიიჩნევს" - ნათქვამია სახალხო ძალის განცხადებაში.

ე.წ. ორგანიზაცია რეჟიმის პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონპროექტი ისე მოაწესრიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მიღება შეუძლებელი გახდეს.

"თუ გალის რაიონის მცხოვრებლებს აფხაზური გვარებით სურთ თავიანთი გვარების იმ პირვანდელი ფორმის დაბრუნება, რომელიც სტალინისა და ბერიას პერიოდში შეიცვალა, ამის გაკეთება დღეს იმ ქვეყანაში შეუძლიათ, რომლის მოქალაქეებიც არიან. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თავის მოქალაქეებს ნებისმიერი გვარის არჩევის საშუალებას აძლევს, ხოლო ეროვნების გრაფა საერთოდ არ არსებობს" - წერია სახალხო ძალის განცხადებაში.