“ვაგრძელებ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” თაობაზე მიმდინარე დავაზე დაკვირვებას და ძალაუნებურად მიჩნდება ფიქრი, რა სურდა რეალურად ნათია ჯანაშიას, როცა დირექტორობიდან გათავისუფლებით განაწყენებულმა 2024 წელს დავა წამოიწყო და რა რეალური შესაძლებლობა აქვს მას სადღეისოდ სურვილების დასაკმაყოფილებლად”, - სვამს კითხვას ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს, აღნიშნულ ბიზნესდავასთან დაკავშირებით, პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დავის წამოწყების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა ის, რომ ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა 2024 წელს სკოლის მართვის, მისი რესურსების განკარგვის ბერკეტები სრულად დაკარგეს. შესაბამისად, ცუცქირიძის აზრით, მისი უპირველესი ამოცანაც სწორედ ამ ბერკეტების დაბრუნება და ინვესტორისთვის მართვის საკუთარი პირობების მოხვევა და გავლენის შენარჩუნება იყო.
“ფაქტია, ნათია ჯანაშია გეგმავდა, რომ მინორიტარი (30%) პარტნიორის პოზიციიდან მაჟორიტარებისთვის (70%) მართვის საკუთარი სტილი და პირობები კვლავ მოეხვია თავს. საამისოდ მან „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ბლოკირება და ლიკვიდაციაც კი სცადა რამდენჯერმე. მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის პროცესისას გამოვლენილი პოზიციით, როცა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების ფორმატის მიღებაზე უარი განაცხადა.
როგორც მოვლენების განვითარება აჩვენებს, ჯანაშიასა და მისი მეუღლის სტრატეგიის მთავარი საყრდენი, მათი კრიტიკოსების შეფასებით, იყო არა სამართლებრივი არგუმენტების გაძლიერება, არამედ ისეთი ზეწოლის შექმნა, რომელიც ინვესტორს დათმობაზე წასვლას აიძულებდა. გათვლა აშკარა იყო: რეპუტაციული ზიანისა და საჯარო კამპანიის საფრთხე იმდენად მაღალი გამხდარიყო, რომ ინვესტორს მათთვის მისაღები კომპრომისი აერჩია.
ამ ლოგიკიდან გამომდინარეობდა მათი მთავარი მოთხოვნებიც — ან ინვესტორს ძველი პირობებით აღედგინა ჯანაშია მენეჯმენტში, ან დაეთმო კომპანიის 70%-იანი წილი იმ ფასად, რომელსაც თავად ჯანაშია-ცეცხლაძე სთავაზობდნენ. თუმცა, თუ ეს მართლაც იყო სტრატეგიული გათვლა, მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ზეწოლაზე აგებული ტაქტიკა ბიზნესდავებში იშვიათად ცვლის ეკონომიკურ და სამართლებრივ რეალობას. პირიქით, როდესაც მოლაპარაკების ადგილი საჯარო ესკალაციას უკავია, კომპრომისის სივრცე, როგორც წესი, კიდევ უფრო ვიწროვდება.
ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ნათია ჯანაშიას სტრატეგია სასურველ შედეგს ვერ აღწევს. თუ მისი გათვლა იყო, ზეწოლითა და საჯარო კამპანიით ინვესტორისთვის პოზიციის შეცვლა ეიძულებინა, განვითარებული მოვლენები საპირისპიროზე მიუთითებს. პარალელურად, სამართლებრივ სივრცეშიც მისი პოზიცია სულ უფრო სუსტდება, ხოლო მის მიერ გაჟღერებული არგუმენტების დამაჯერებლობა თანდათან იკლებს.
ამ ფონზე განსაკუთრებით თვალში საცემია, რომ, მიუხედავად აშკარად არაეფექტიანი შედეგისა, ნათია ჯანაშია ტაქტიკას არ ცვლის. პირიქით, აგრძელებს კონფრონტაციულ რიტორიკას, საჯარო ზეწოლისა და რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობებს, რითაც სულ უფრო შორდება იმ მიზნებს, რომელთა გამოც ეს დავა, როგორც თავად აცხადებდა, დაიწყო. როდესაც სტრატეგია თვეების განმავლობაში შედეგს არ იძლევა, მისი მექანიკური გამეორება უკვე არა გამძლეობას, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის არასწორ შეფასებას ჰგავს.
ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს მისი ბოლო პერიოდის მოწოდებებიც, რომ საზოგადოებამ აკადემიის ინვესტორსა და მის მრავალმილიარდიან ჰოლდინგს ბოიკოტი გამოუცხადოს და უარი თქვას მის ასობით პროდუქტსა და მომსახურებაზე. ამ ტიპის მოწოდებები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ სამართლებრივი და საქმიანი არგუმენტების ნაცვლად აქცენტი საზოგადოებრივ ზეწოლაზე გადადის. ეს კი, საბოლოო ჯამში, უფრო სასოწარკვეთილი ტაქტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე გამარჯვებისკენ მიმავალი გააზრებული სტრატეგიისას.
სხვა საკითხია, თავად რამდენად სჯერა, რომ ამ სტრატეგიას რეალურად შეუძლია რაიმე ხელშესახები შედეგის მოტანა. ამის საფუძველი სულ უფრო ნაკლებად ჩანს. პირიქით, ყოველი ახალი განცხადება, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ ფაქტობრივად დანაშაულებრივ მოწოდებად აღიქმება, კიდევ უფრო აღრმავებს მის პოლიტიკურ იზოლაციას და აჩქარებს იმ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის კონსოლიდაციას, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე შეუქცევად ხასიათს იძენს. ასეთ ვითარებაში, მსგავსი რიტორიკა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების ინსტრუმენტზე მეტად, მისი შემდგომი ეროზიის ფაქტორად გამოიყურება.”, - აღნიშნავს ცუცქირიძე.