შავი ზღვის პორტებზე, სამოქალაქო გემებსა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე განახლებული თავდასხმები შემაშფოთებელია, - ამის შესახებ გაეროს პოლიტიკურ საქმეთა და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კაიოკო გოტომ განაცხადა.
მისი თქმით, ოდესის, ჩერნომორსკის, პივდენის, იზმაილისა და ნიკოლაევის პორტები უწყვეტი თავდასხმის ქვეშაა.
კაიოკო გოტოს თქმით, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, ოდესასთან ახლოს გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის გადამზიდავ გემზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე თავდასხმის შედეგად კი 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე თვეში აზოვის ზღვაში 100-ზე მეტ გემს დაარტყეს, რამაც საზღვაო ნაოსნობა შეაფერხა.
მან გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ივლისის დასაწყისიდან ხორბლის ფასები 20%-ით გაიზარდა და 2024 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
კაიოკო გოტომ ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო პირებზე, ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით უკანონოა და ცეცხლის დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო შეწყვეტის მიღწევის მიზნებს მხარეებს მაქსიმალური თავშეკავების, დიალოგის განახლებისა და ინკლუზიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გაერო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას.