რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, 28 ივლისის ღამითა და დილით მოსკოვისა და მოსკოვის ოლქი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ საღამოდან დილის 06:30 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 390-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთა უმეტესობა, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა "შორეულ მისადგომებზე" უვნებელყვეს.
სობიანინის განცხადებით, უშუალოდ მოსკოვთან მიახლოებისას 81 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
თავდაპირველად სობიანინი 12, შემდეგ კიდევ 21, მოგვიანებით კი დამატებით 40 დრონის ჩამოგდების შესახებ წერდა. შეტევის ფონზე რუსეთის ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაციამ) დროებით შეაჩერა მოსკოვის სამი აეროპორტის – ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის – მუშაობა. დილის 06:10 საათისთვის შეზღუდვები ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში მოიხსნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონების, ანექსირებული ყირიმისა და აზოვის ზღვის თავზე საერთო ჯამში 356 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყებას არ დაუზუსტებია, რამდენი დრონი მონაწილეობდა მთლიან შეტევაში.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ქალაქ ჩეხოვში ერთ-ერთი დრონი ზემსკაიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი ბინა დაზიანდა. ქალაქის ხელმძღვანელის, მიხაილ სობაკინის თქმით, დაშავებულები არ არიან.
ვორობიოვის ცნობით, კიდევ ერთი დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ჩეხოვის რეგენერატორულ ქარხანაში, რომელიც ავტომობილების გაცვეთილი საბურავების გადამუშავებასა და რეზინის პროდუქციის წარმოებაზეა სპეციალიზებული.
OSINT-პროექტ ASTRA-ს მიერ გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის მიხედვით, ხანძარი გაჩნდა ასევე მოსკოვის ოლქის სოფელ კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობში. კომპანიის მეზობლად მდებარეობს Wildberries-ის სასაწყობე კომპლექსი, სადაც განაცხადეს, რომ ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ASTRA-ს ცნობით, ჩეხოვის რეგენერატორული ქარხნის ტერიტორიიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს "ჰიდროსტალკონსტრუქციის" ქარხანა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებსა და მეტალკონსტრუქციებს აწარმოებს ენერგეტიკისა და წყალსამეურნეო ობიექტებისთვის.
სოციალურ ქსელებში კადრები დრონების ფრენისა და ხანძრების ამსახველი კადრები გავრცელდა.