შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტში 2026 წლის 12 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ან დაზიანებული ავტომობილის სახელმწიფო და დროებითი სანომრე ნიშნების აღდგენა მოქალაქეებისთვის ერთჯერადად უფასო გახდება.

შესაბამისი ბრძანების მიხედვით, მომსახურების სააგენტოში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დაზარალებული პირები გათავისუფლდებიან კანონით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

შეღავათი ასევე შეეხება სანომრე ნიშნის, დროებითი ან ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მათ ხელახლა გაცემას.

უფასო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება, რომ მოქალაქემ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით დაადასტუროს სანომრე ნიშნის დაზიანება ან დაკარგვა სწორედ 12 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად და წარადგინოს კანონით მოთხოვნილი დოკუმენტები.

განაცხადების მიღება მომსახურების სააგენტოში 2026 წლის 24 აგვისტომდე გაგრძელდება. ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი 24 ივლისს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს თელავში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა კალაპოტი დატოვა და ქალაქის რამდენიმე ტერიტორია დატბორა. სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები.