რუმინეთში, ელექტროენერგიის წარმოების შემცირების გამო, 2026 წლის აგვისტოს ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით განგაშის რეჟიმი გამოცხადდა. გადაწყვეტილების მიზეზი ხანგრძლივი გვალვა და მდინარეებში, განსაკუთრებით დუნაიში, წყლის დონის მკვეთრი შემცირება გახდა.
ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ილიე ბოლოჟანის განცხადებით, წყლის ნაკლებობამ ელექტროენერგიის გამომუშავება შეამცირა და ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორის გაჩერება გამოიწვია.
ჩერნავოდის ელექტროსადგურში ორი რეაქტორი მუშაობს, თითოეულის სიმძლავრე 706 მეგავატია. ჩვეულებრივ პირობებში სადგური რუმინეთის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 20 პროცენტს უზრუნველყოფს. ივლისის ბოლოს დუნაის წყლის ნაკადი რუმინეთის საზღვართან წამში 1 650 კუბურ მეტრამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ივლისის საშუალო მაჩვენებელი წამში დაახლოებით 4 750 კუბური მეტრია.
რუმინეთის მთავრობამ დუნაიზე დროებითი საინჟინრო სამუშაოებისთვის დაფინანსება გამოყო. პროექტის მიზანია არხის მეშვეობით წყლის ნაკადის გადამისამართება, რათა დარჩენილი რეაქტორის მუშაობა და ელექტროსისტემასთან კავშირი შენარჩუნდეს.
ქვეყანა ასევე ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან. ხელისუფლების ინფორმაციით, დამატებითი იმპორტი განსაკუთრებით საღამოს საათებში იქნება საჭირო, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება პიკურ მაჩვენებელს აღწევს.
Reuters-ის მონაცემებით, რუმინეთის საღამოს პიკურ საათებში ელექტროენერგიის იმპორტი დაახლოებით 1 700 მეგავატს შეადგენს, ხოლო ქვეყნის დღიური მოხმარება დაახლოებით 7 000 მეგავატია. ევროკომისიის განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უწყება რუმინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებას აკვირდება.
წყაროები: