Volkswagen Group-ისა და ჩინური FAW-ის ერთობლივი ბრენდი Jetta სრულად ელექტრომობილების ბაზარზე შედის. კომპანიამ თავისი პირველი ელექტროსედანი, Jetta M6, წარადგინა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთის ბაზრის შედარებით ხელმისაწვდომ სეგმენტზე იქნება ორიენტირებული.

ახალი ავტომობილის დიზაინში ყველაზე დიდ ყურადღებას წინა ნაწილი იქცევს. ვიწრო ფორმის ფარები, დახურული წინა პანელი და ტრადიციული რადიატორის ცხაურის არარსებობა Jetta M6-ს ვიზუალურად Tesla Model 3-ს ამსგავსებს. ავტომობილს კლასიკური, გამოსაწევი კარის სახელურები და წინა მარჯვენა ფრთაზე განთავსებული დამტენი პორტი აქვს. უკანა ნაწილში კი LED-ფარები, მათ შორის გამავალი განათების ზოლი და შავი ფერის ბამპერია გამოყენებული.

Jetta M6-ის სიგრძე 4 806 მილიმეტრია, სიგანე 1 895 მილიმეტრი, სიმაღლე 1 500 მილიმეტრი, ხოლო თვლების ბაზა 2 820 მილიმეტრს შეადგენს. ავტომობილის წონა, ვერსიის მიხედვით, სავარაუდოდ 1 557-დან 1 628 კილოგრამამდე იქნება.

ელექტროსედანი ერთი ელექტროძრავით გამოვა. საბაზისო ვერსიის სიმძლავრე 152 ცხენის ძალა იქნება, უფრო მძლავრი მოდელი კი 194 ცხენის ძალას განავითარებს. ბატარეის მოცულობა და ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოდელი ლითიუმ-იონურ აკუმულატორს მიიღებს. ელემენტებს ჩინური კომპანია CALB მიაწვდის, ბატარეის აწყობა კი FAW-Volkswagen-ის ერთობლივ საწარმოში მოხდება.

Jetta ჩინეთის ბაზარზე Volkswagen-ის შედარებით ხელმისაწვდომ ბრენდად არის წარმოდგენილი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ M6-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ფასი იქნება, თუმცა ავტომობილის ღირებულება და გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

კომპანიას ელექტრიფიკაციის უფრო ფართო გეგმაც აქვს. Jetta 2028 წლამდე ხუთი ახალი მოდელის წარმოდგენას აპირებს, რომელთაგან ოთხი სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება. უახლოეს მომავალში ბაზარზე შესაძლოა Jetta X Concept-ის სერიული SUV-ვერსიაც გამოჩნდეს.

www.crystalauto.ge