ნიდერლანდებში 1-ელი აგვისტოდან ფეიერვერკების შეძენა, გაყიდვა და გაშვება უკანონო გახდება. ქვეყნის მთავრობამ პიროტექნიკის გამოყენება ოფიციალურად აკრძალა.
გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი კამპანია, რომელსაც ექიმები, საგანგებო სამსახურები და სოციალური სფეროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ. ისინი საახალწლო ღამეს ფეიერვერკების გაშვების ტრადიციის გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან ის ყოველწლიურად ასობით ადამიანის დაშავებასა და კერძო საკუთრებისთვის მილიონობით ევროს ზიანის მიყენებას იწვევდა.
ნიდერლანდების მთავრობამ ფეიერვერკების აკრძალვა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაამტკიცა, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი დატოვა. მაგალითად, კლუბებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს ღონისძიებების დროს პიროტექნიკის გამოყენება შეეძლოთ. ახალი გადაწყვეტილებით კი ფეიერვერკები როგორც კერძო პირებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის სრულად აიკრძალა.
ნიდერლანდებში ფეიერვერკები ექვსი წლის წინაც დროებით სრულად აკრძალეს. ეს COVID-19-ის პანდემიის დროს მოხდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების დატვირთვის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. აკრძალვის დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.
ნიდერლანდების ბევრ ქალაქში ახალი წლის ქუჩაში პიროტექნიკით აღნიშვნა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან ასოცირდებოდა. სწორედ აკრძალვისადმი საზოგადოების მხარდაჭერამ მოახდინა გავლენა მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, აკრძალვას ქვეყნის მოსახლეობის სამი მეოთხედი უჭერს მხარს.
საახალწლო ფეიერვერკები ზიანს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსა და გარემოსაც აყენებს. ძაღლების მფლობელთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ მათ შინაურ ცხოველებს ფეიერვერკების ეშინიათ. ძაღლების სმენა ადამიანის სმენაზე მნიშვნელოვნად მგრძნობიარეა, ამიტომ ხმაური, რომელიც ადამიანისთვის ასატანია, ცხოველისთვის შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს.
ბოლო წლებში გერმანიის მრავალი ქალაქის, ასევე ვენის, ციურიხის, ჰელსინკის, სტოკჰოლმის, ოსლოსა და კოპენჰაგენის აეროპორტებში ძაღლების მფლობელებს ახალი წლის ღამის შინაურ ცხოველებთან ერთად წყნარ ზონებში გატარების საშუალება მიეცათ.
ფეიერვერკები განსაკუთრებით საზიანოა ფრინველებისთვისაც. კვლევების მიხედვით, ახალი წლის ღამეს ფრინველები ჩვეულებრივ ღამის გასათევ ადგილებს ტოვებენ და მათგან 15-20 კილომეტრით შორს მიფრინავენ. ზოგიერთი მათგანი შეუსვენებლად ასობით კილომეტრსაც გადის.
ფეიერვერკების გამო ფრინველები დაახლოებით ორი საათით ნაკლებს ისვენებენ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კი დაკარგული ენერგიის აღსადგენად საკვების მოძიებაზე მეტ დროს ხარჯავენ. მეცნიერების აზრით, მკაცრ ზამთარში ასეთმა დამატებითმა დატვირთვამ შესაძლოა მათი გადარჩენის შანსი შეამციროს.
ფეიერვერკების გაშვებისას ჰაერში ხვდება წვრილი ნაწილაკები, პერქლორატები და სხვადასხვა ლითონი. ისინი აბინძურებენ ჰაერს, შემდეგ კი ნიადაგსა და წყალში ილექებიან, სადაც მცენარეებსა და წყლის ორგანიზმებს აზიანებენ.
https://euro-pulse.ru/news/v-niderlandah-okonchatelno-zapretili-fejerverki/