„მილანმა“ და „ინტერმა“ ახალი სტადიონის პროექტი წარადგინეს. იტალიური კლუბების მომავალი საშინაო არენა „ჯენერალი სტადიუმის“ (Generali Stadium) სახელით იქნება ცნობილი.
ახალი სტადიონი 71 500 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით გამოირჩევა. პროექტის მიხედვით, არენას ოვალური ფორმა ექნება, ტრიბუნები კი ორ იარუსად განლაგდება, რაც გულშემატკივრებს მოედანთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნის შესაძლებლობას მისცემს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კარს მიღმა მდებარე ტრიბუნებს, რომელთა დახრილობა 37 გრადუსს მიაღწევს. მსგავსი კონსტრუქცია, დორტმუნდის „ბორუსიის“ ცნობილი „ყვითელი კედლის“ მსგავსად, სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს.
პროექტზე ცნობილი არქიტექტურული კომპანიები Foster + Partners-ი და MANICA მუშაობენ. ახალი არენა ისტორიულ „სან სიროს“ ჩაანაცვლებს და ორივე მილანური კლუბის საშინაო სტადიონი იქნება.
მშენებლობის დაწყება 2028 წელს იგეგმება, ხოლო ახალი სტადიონის გახსნა 2031/32 წლების სეზონისთვის არის დაგეგმილი. პროექტის განხორციელება შესაბამისი ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული.