შემოდგომის დადგომასთან ერთად, მომავალი წლის მოგზაურობის ტენდენციების შესახებ ახალი ანგარიშებისა და პროგნოზების ნაკადი ჩნდება. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტურიზმის მარკეტინგის ბრენდმა Lemongrass-მა გამოაქვეყნა თავისი უახლესი პროგნოზი, რომელშიც 2027 წლის ძირითადი ტენდენციებია აღწერილი.
კომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალ წელს მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი „ანტიოპტიმიზებული“ დასვენების კონცეფციის გარშემო იქნება აგებული. მოგზაურები შეგნებულად ნაკლებს გააკეთებენ და მეტ დროს გაატარებენ ერთ ადგილას, იმის ნაცვლად, რომ ატრაქციონებზე ჩქარ-ჩქარა იარონ.
მოგზაურობის ტენდენციების ანგარიშში Lemongrass ასევე აღნიშნავს, რომ მოგზაურები უარს ამბობენ ე.წ. bucket list–ზე, ბიოჰაკინგსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მარშრუტებზე და ამის ნაცვლად უფრო ღრმა, უფრო მშვიდი და ემოციურად დატვირთული გამოცდილებისკენ ისწრაფვიან.
„წლების განმავლობაში მოგზაურობის ენა ოპტიმიზაციაზე ტრიალებდა: მეტი დანიშნულების ადგილი, მეტი გამოცდილება, მეტი პერსონალიზაცია და ეფექტურობა“, - ამბობს მირიამ პიტერნეკ მაკარტნი, Lemongrass Marketing-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. „მაგრამ ჩვენი 2027 წლის ტენდენციები აჩვენებს, რომ მოგზაურები სულ უფრო მეტად სვამენ ბევრად უფრო ადამიანურ კითხვას: როგორ მინდა ვიგრძნო თავი?“