19 ნოემბერს მორიგმა ტრაგედიამ შეძრა ქვეყანა - თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ექვსი მობინადრე ემსხვერპლა, მათ შორის 6 წლის არიანა რისტიჩი და 7 წლის ნუცა ფხალაძე, რომლებიც დედებთან - 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩსა და ნინო ჭელიძესთან ერთად დაიღუპნენ. რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდა 2 ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანა: 3 წლის თაიას, რომელიც გარდაცვლილი ნინო ჭელიძის შვილია, და 11 წლის ბიჭის, რომლის სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. უმძიმეს მდგომარეობაშია 31 წლის ილია ისაევი, რომლის ბინაშიც, შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. გარდაცვლილებს შორის არიან: 55 წლის ლალი შიშმანაშვილი და 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.

21 ნოემბერს კიდევ ერთი აფეთქების ამბავი გავრცელდა, ამჯერად ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად 1 ქალი კლინიკაშია გადაყვანილი 12-პროცენტიანი დამწვრობით. ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქებების პირველი შემთხვევები, სამწუხაროდ, არაერთი ტრაგედია გვახსოვს, იგივე ქვემო ფონიჭალაში, დიდ დიღომში, გლდანში... ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ ვერ ხერხდება უსაფრთხოების იმ დონეზე დაცვა, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ასეთ უმძიმეს ტრაგედიებს არ ვიღებდეთ? - სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- უპირველესად, ნება მომეცით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ყველას გამძლეობა მისცეს ღმერთმა. მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ ძირფესვიანად გასარკვევი და გამოსაძიებელია მომხდარის მიზეზები. ამასთანავე, საინტერესოა, იმ წინა ტრაგედიების გამოძიება რამდენად დროულად და პროფესიონალურად მოხდა, გაირკვა თუ არა უბედურების გამომწვევი რეალური მიზეზები და არა მოჩვენებითი ფაქტორები; ამასთანავე, ვინ რა გააანალიზა და ვინ რა გაიგო იმ უბედურებებიდან? მომხდარის მერე მწვავედ აკრიტიკებდნენ თბილისის მერიას. საერთოდ, არა მგონია, რომ მერიის ან რომელიმე სახელმწიფო უწყების დანაშაულზე უნდა ვილაპარაკოთ ხელაღებით. ამგვარი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ უნდა გაირკვეს, რატომ ვერ მუშაობს სტრუქტურა ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.

უბედურება და ტრაგედია ერთი და იგივეა, მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანები როგორ მოხვდებიან ამ განსაცდელში, მაგრამ გამომწვევი ფაქტორები განსხვავებულია. ზოგან მუშაობს ინდივიდუალური ფაქტორი, ზოგან ტექნიკური.

თუ დადგინდება, რომ წამყვანი ტექნიკური ფაქტორია, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს მოუწევთ პასუხისგება.

ახლა იწყება ზამთრის სეზონი და ასეთი ტრაგედიები რომ არ განმეორდეს, ალბათ, საჭიროა უფრო დახვეწილი გაფრთხილების სისტემა ან სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ სხვა ტიპის გამოსავლის მოძიებაზე. ასეთ ვითარებაში რთული არ უნდა იყოს ფაქტორების დადგენა, რადგან ასეთი ტრაგედიები ხშირად მეორდება. ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: უნდა ჩატარდეს რეალური გამოძიება და დადგინდეს, რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე.

- ბატონო ვახტანგ, მაგალითად, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში მათი თანამშრომლები დადიან და თითოჯერ ყველა ოჯახში ამოწმებენ გაზის მოწყობილობებს. პირადად მე არ მახსენდება ბოლო წლებში ჩვენთან ვინმე მოსულიყოს. ძალიან მაინტერესებს, თქვენთან თუ ყოფილან? გარდა ამისა, მუდმივად არის ლაპარაკი ძველ კორპუსებში არსებულ ავარიულ ინფრასტრუქტურასა და მოშლილ გაყვანილობებზე, ასეთ შემთხვევაში მერიის თუ სხვა უწყებების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არ უნდა იყოს ამგვარი კორპუსები?

- ფაქტი ერთია, "თბილისი ენერჯი", ჩანს, სათანადოდ ვერ მუშაობს ასეთი უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად. შეიძლება შემთხვევების სრული აღკვეთა ვერ მოხერხდეს, მაგრამ მინიმუმზე ხომ უნდა დავიყვანოთ? აგერ უკვე ქუთაისში აფეთქდა ბინა. რაც შეეხება შემოწმებებს, ჩემთანაც დიდი ხნის წინ იყვნენ მოსული. მოვიდნენ, რაღაც დაათვალიერეს და წავიდნენ. მნიშვნელოვანი მგონია მოქალაქეების პასუხისმგებლობაც. ჩემი აზრით, ასეთ დროს, განსაკუთრებით სეზონის დადგომის წინ, საჭიროა მოსახლეობის რეგულარული ინფორმირება. ტექნიკურ საკითხებზე როგორც მოსახლეობის, ისე მერიისა და "თბილისი ენერჯის" პასუხისმგებლობა უფრო კატეგორიული უნდა იყოს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ სეზონის დაწყებამდე უნდა დაიწყოს ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია - სატელევიზიო გადაცემებით, ბუკლეტებით თუ სხვა საშუალებებით. ეს უნდა იყოს ძალიან აქტიური პიარი თუ პროპაგანდა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, როგორ ჩაერთოს უსაფრთხოებაში. რამდენადაც ვიცი, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სპეციალისტები უფასოდ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი მაინც არ არის. ამიტომ უნდა მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის აღრიცხვა, რათა საერთო სურათი სრულიად ნათელი გახდეს.

ლაპარაკია სპეციალურ დეტექტორებზეც, რომლებიც გაზის გაჟონვას აღრიცხავენ და აკონტროლებენ. მე არ ვიცი, რა ღირს დეტექტორები და რამდენად შეუძლია ჩვენს სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას მისი ყიდვა, ამიტომ მაქვს წინადადება - როგორც გამრიცხველიანების დროს იყო, როდესაც აყენებდნენ გაზის მრიცხველებს და მერე მოქალაქეები ნელ-ნელა ფარავდნენ მის ღირებულებას, იქნებ ახლაც შეისყიდოს დეტექტორები მერიამ, დამონტაჟდეს ყველგან, ხოლო მისი ღირებულება გადანაწილდეს მოსახლეობის შემდგომ გადასახადებზე 1-2 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ზაფხულობით, როდესაც გაზის მოხმარება ნაკლებია და შესაბამისად, ხარჯიც დაბალია, ეს თანხა შეიძლება იმ ექვს თვეზე გადანაწილდეს.

მოკლედ, სხვადასხვა პრობლემაა და ისინი ერთხელ და სამუდამოდ კომპლექსურად უნდა დამუშავდეს და უზრუნველყოს უსაფრთხოება. სხვაგვარად ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ. სპეციალისტები, ალბათ, უფრო მეტს იტყვიან, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი. მერიამ უნდა დაინახოს თავისი როლი - თუ ფინანსების გამოყოფაა საჭირო, უნდა გამოყოს, თანაც ეს უნდა მოხდეს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში, რათა რეალური შედეგი მივიღოთ.

წყარო: კვირის პალიტრა