ავტომწარმოებლებმა Ford-მა, Honda-მ, Volkswagen-მა და Stellantis-ის შემადგენლობაში შემავალმა FCA-მ აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კომპანიები ახალი კანონის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ავტომობილების გარანტიული და გაწვევასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოებისთვის ავტოდილერებისთვის გადასახდელი თანხის განსაზღვრის წესს არეგულირებს.
კომპანიების განცხადებით, 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული კანონი ავტორიზებულ დილერებს მწარმოებლებისგან მომსახურების საფასურის დამოუკიდებლად განსაზღვრის ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. ავტომწარმოებლები მიიჩნევენ, რომ რეგულაცია მათ ზედმეტ ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს და დილერებს საშუალებას აძლევს, გარანტიული შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილებისთვის გაზრდილი თანხები მოითხოვონ.
ოთხი კომპანიის შეფასებით, ახალი კანონის შედეგად ავტომწარმოებლებიდან ავტოდილერებზე ყოველწლიურად 375 მილიონ დოლარზე მეტი შეიძლება გადანაწილდეს. მათივე განმარტებით, რეგულაცია დილერებს საშუალებას აძლევს, ანაზღაურება მოითხოვონ იმ შრომითი საათებისთვისაც, რომლებიც მექანიკოსებს რეალურად არ დაუხარჯავთ. კომპანიები ასევე აპროტესტებენ სათადარიგო ნაწილებზე ფასნამატების ანაზღაურების მოთხოვნას, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც დილერებს ნაწილები შეღავათიან ფასად ან უფასოდ აქვთ მიღებული.
ავტომწარმოებლები მიიჩნევენ, რომ კანონი აშშ-ის კონსტიტუციის რამდენიმე დებულებას არღვევს და ფედერალურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, ნიუ-ჯერსის ავტოდილერების ასოციაცია, რომელიც ასევე მოპასუხეა საქმეში, რეგულაციას მხარს უჭერს. ორგანიზაციის განცხადებით, ავტომწარმოებლები წლების განმავლობაში დილერებისგან ნაწილებისა და შრომის ანაზღაურების მიმართულებით შეღავათებით სარგებლობდნენ, ახალი კანონი კი ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ემსახურება.