სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ოქსფორდ-სტრიტის თითქმის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების, ავტობუსებისა და ველოსიპედების გადაადგილება აიკრძალა.
ლონდონში პირველად ჩასულმა სტუმრებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ გარკვეული ადგილები — მაგალითად, ლესტერ-სკვერი, ბრიკ-ლეინი ან ები-როუდი. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ადგილი ყველაზე მეტად ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით არის ცნობილი - The Beatles-ის წყალობით, რომლის ამავე სახელწოდების ალბომის ყდაც იქ გადაიღეს - არსებობს ერთი პოპულარული ტურისტული ადგილი, სადაც მონიშნული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი აღარ არის საჭირო: ეს ოქსფორდ-სტრიტია.
საქმე ისაა, რომ 26 ოქტომბრიდან მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ქუჩა ავტომობილებისთვის, ავტობუსებისა და ველოსიპედებისთვის დაკეტილია. ოქსფორდ-სტრიტის თითქმის ერთი კილომეტრიანი მონაკვეთი — ორჩარდ-სტრიტსა და გრეიტ-პორტლენდ-სტრიტს შორის — ამჟამად სატრანსპორტო მოძრაობისგან თავისუფალია; სატრანსპორტო საშუალებები კი მიმდებარე ქუჩებისკენ არის გადამისამართებული.
ეს ნაბიჯი ისტორიული სავაჭრო სივრცის გარდაქმნის პირველი ეტაპია; გეგმა ითვალისწინებს ხეების დარგვას, დასაჯდომი ადგილების მოწყობასა და ორი ახალი საზოგადოებრივი მოედნის შექმნას. ოქსფორდ-სტრიტს დღეში კვლავ დაახლოებით ნახევარი მილიონი ვიზიტორი სტუმრობს; მყიდველები კი ისეთ სავაჭრო ობიექტებს შორის გადაადგილდებიან, როგორიცაა Selfridges-ი, Zara და John Lewis-ი. თუმცა, ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქუჩის ფეხით მოსიარულეთა ზონად გადაკეთება მას საშუალებას მისცემს, კვლავ გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო ცენტრი - როგორიცაა ტაიმს სკვერი, შანზ-ელიზე და ლა რამბლა.